ახალი ამბები

“ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16 ნოემბერი, 2022 • 814
“ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გამართეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ტრადიციულად, წელსაც გამოავლინეს 2022 წლის ტოლერანტობის ქომაგები.

ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, შეხვედრაზე მიმოიხილეს პრობლემები, რომლებზეც სახალხო დამცველი მუშაობს და  რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების თანასწორუფლებიანობასა და კეთილდღეობას.

ომბუდსმენის პირველი მოადგილის, თამარ გვარამაძის თქმით, კვლავ გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების რესტიტუციის საკითხი, ისევე როგორც რელიგიური ნიშნით ძალადობის ფაქტებზე ეფექტური და შედეგიანი გამოძიების წარმართვა.

“საქართველოში დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც მალავენ თავიანთ ეთნიკურ წარმომავლობას, იცვლიან გვარსა და ეროვნებას, რადგან არ სურთ იყვნენ სეგრეგირებული და მეორეხარისხოვნად მიჩნეული მოქალაქეები. პროცენტულად კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ ამხელს თავის აღმსარებლობას.

რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? – ადამიანის უფლებების მტკიცე და შეუვალ დაცვასთან ერთად, ასევე, აუცილებელია სიძულვილის ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც, იმ განწყობის ტრანსფორმაციაზე მუშაობა, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, რელიგიისა თუ გამოხატვის თავისუფლება, ლიბერალური დემოკრატია ჩვენი ქვეყნისთვის უცხო და საზიანო ფენომენებია.

ამ თვალსაზრისით აუცილებელია ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციისა და კულტურის შესწავლა და სრულფასოვანი წარმოჩენა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კეთილი ნების ადამიანები, შევძლებთ კონსოლიდაციას უზენაესი ღირებულებისა და მიზნის გარშემო და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში თავისუფლებისა და თანასწორობის, ლიბერალური დემოკრატიის გზით მსვლელობას გავაგრძელებთ”, — დასძინა გვარამაძემ.

წელს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები გახდნენ:

  • მეწარმე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი პანკისის ხეობაში ნაზი დაქიშვილი;
  • სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა;
  • გადაცემა „დროებას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი