ახალი ამბები

ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვეს

17 ნოემბერი, 2021 • 1056
ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვეს

2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელზეც საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებზე მომზადებული წიგნები წარმოადგინეს და ტრადიციულად საზეიმოდ დააჯილდოვეს ტოლერანტობის ქომაგები:

„მიმდინარე წელი საკმაოდ მძიმე იყო როგორც დაძაბული პოლიტიკური გარემოს, ისე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. მათ შორის, უმცირესობათა მიმართ არსებული შეუწყნარებლობის თუ დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები და მისი გავლენა ცალკეული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე“, – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ტოლერანტობის ქომაგების გამოვლენისა და დაჯილდოების მიმართულებით ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა:

ნომინაციაში პიროვნება – ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯენერეიშნ აის“ ხელმძღვანელი და სომხური თემის აქტივისტი მარი მიქოიანი.

ნომინაციაში საჯარო მოხელე – საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.

ნომინაციაში სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრები – პედაგოგი და ეზიდური თემის აქტივისტი ლილი საფაროვა და პროფესორი, საერთაშორისო ფონდ „ლეას“ და ებრაელ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი.

რელიგიათა საბჭომ კი დააჯილდოვა:

ნომინაციაში პიროვნება – ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი.
ნომინაციაში ორგანიზაცია – სოლიდარობის თემი, ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრებას აჭარის რეგიონში.
ნომინაციაში პოლიტიკოსი/საჯარო მოხელე: საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი