ახალი ამბები

დიმიტრი ქუმსიშვილი: იქნება ოპტიმიზაცია, რაც ბიუჯეტზე აისახება

17 ნოემბერი, 2017 • 1746
დიმიტრი ქუმსიშვილი: იქნება ოპტიმიზაცია, რაც ბიუჯეტზე აისახება

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ თანხის დათვლა, რომელის სამინისტროების გაერთიანებით და გაუქმებით დაიზოგება. მისივე თქმით, თანხის თქმა დღეს ძალიან რთულია.

“ამ წუთში მიმდინარეობს თანხების გადათვლა, თუ რა თანხა დაიზოგება. ამის თქმა დღეს არის ძალიან რთული. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამოცანა ერთის მხრივ არ არის უბრალოდ ადამიანების გაშვება სამსახურებიდან, თუმცა ამოცანა არის, რომ უკეთესი კადრები ყველა სამინისტროში შევინარჩუნოთ.

ამიტომ სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს, სანამ  რეალურად არ დაინახავენ ამ სინერგიის შესაძლებლობებს, რომელიც გაერთიანების წინ ძალიან მკაფიოდ ჩანს და მკაფიოდ ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული რიცხვების და ციფრების თქმა. არ ღირს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ან არასწორი მოლოდინების შექმნა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია. რაც საბოლოო ჯამში აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზეც”,- განაცხადა ქუმსიშვილმა. 


მთავრობის სტრუქტურა შემდეგნაირად იცვლება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცეპრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. ხოლო შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავდროულად იქნება ვიცეპრემიერი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;
  • პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი