Interviewsახალი ამბებიკომენტარი

ბერაია: სასამართლო ომბუდსმენის წინააღმდეგ პოლიტიკურ სპეკულაციებში მონაწილეობს

16 ნოემბერი, 2017 • 7190
ბერაია: სასამართლო ომბუდსმენის წინააღმდეგ პოლიტიკურ სპეკულაციებში მონაწილეობს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია მიიჩნევს, რომ ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის და იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ, არის პოლიტიკური სპეკულაციები. იურისტის თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და გაუგებარია ამ პროცესში სასამართლოს მონაწილეობა, რომელიც პირდაპირ გადავიდა ომბუდსმენის ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე.

გიორგი ბერაიას განცხადებით, გამაოგნებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება თავისი ტერმინოლოგიით, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს სახალხო დამცველს. მისი თქმით, სასამართლო, როგორც წესი, არ შედის ასეთ დისკუსიებში და მით უმეტეს, არ იყენებს შეურაცხმყოფელ ეპითეტებს თუ შედარებებს კონკრეტული ინსტიტუტების/პირების მიმართ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უჭირს ეთიკური წესების დაცვა, რომელიც ვრცელდება სასამართლოზე და მოსამართლეებზე. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა და ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა სასამართლოს მხრიდან მსგავსი არაეთიკური საქციელი. მაგალითად, ამას წინ იყო შემთხვევა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დიდი სიხარულით ამცნო საზოგადოებას, რომ მოსამართლემ ღირსება აღიდგინა – ვგულისხმობ ფადი ასლის და ერთ-ერთი მოსამართლის დავას. ეს ისეთ ტონალობაში იყო გადმოცემული, თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო. არადა, ეს გადაწყვეტილება შეიძება გასაჩივრდეს და შეიცვალოს. ამავდროულად, სასამართლო უნდა გრძნობდეს, რომ არ გამოხატავდეს თავის ემოციურ დამოკიდებულებას მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ ის აღიქვას ობიექტურად, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და არა კონკრეტული ემოციური თუ კორპორატაიული ინტერესების გათვალისწინებით,” – აცხადებს გიორგი ბერაია.

როგორც იურისტი აცხადებს, სასამარათლოს განცხადებაში არის აბსოლუტურად არაეთიკურად შეფასებული სახალხო დამცველი და ომბუდსმენის მიმართ გაკეთებულია ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც სცდება სასამართლოს და მოსამართლეების ეთიკას, რომლის დაცვაც მოეთხოვებათ სასამართლოს/მოსამართლეებს:

“ვფიქრობ, ამ საკითხზე, კარგი იქნება, თუ შიგნით დაიწყებენ დისკუსიას სასამართლოებზე და ვინმეს შიგნიდან მაინც ექნება პროტესტი ასეთ აშკარა და არაეთიკურ განცხადებაზე, თუმცა ამის დიდი იმედი არ მაქვს გამომდინარე ბოლოდროინდლი მოვლენებიდან, როცა ვხედავთ, რომ სასამართლოში თითქმის სრულებით არანაირი განსხვავებული აზრი არ ისმის; არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს, მათ შორის, ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებებიც მათ მიერ არის გაკეთებული.”

გიორგი ბერაია, ასევე, აფასებს იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც უჩა ნანუაშვილს “პირველი არასამართლიანი სახალხო დამცველი” უწოდა. იურისტი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანს ძალიან მწარედ ჩარჩა მეხსიერებაში ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე ჩავარდა მის მიერ მომზადებული და გაგზავნილი სია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში:

“ის ამას აბრალებდა სახალხო დამცველსაც და ამბობდა, რომ ომბუდსმენმა გარკვეული უარყოფითი ინფორმაციები მიაწოდა კონკრეტულ კანდიდატებზე ევროსაბჭოში. როგორც ჩანს, ეს ადამიანური მიუღებლობა გადაიზარდა შეურაცხმყოფელ და ყოვლად დამაკნინებელ ტერმინოლოგიაში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი იყენებს სახალხო დამცველის მიმართ. სხვა მხრივ, გაუგებარია, კონკრეტულად რაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი.”

გიორგი ბერაია საუბრობს სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება. სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ უჩა ნანუაშვილს იუსტიციის მინისტრი, თბილისის საქალაქო სასამართლო და პროკურორი. IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ძირითადად, დასკვნაში გაზიარებულია შენიშვნები და მოსაზრებები, რაც თავის დროზე გააჩნდა არასამთავრობო სექტორსაც:

“დასკვნაში  აღნიშნული იყო ის გარემოება, რომ სასამართლო პროცესი დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბრალდებული აპელირებდა სხდომების გასაჯაროებაზე იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა შესაძლებლობა, ეკონტროლებინა მიმდინარე პროცესები, თუ რამდენად სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვით მიმდინარეობდა სხდომები.

ასევე, შეეხებოდა ადვოკატების დავალდებულებას, რომ არ გაესაჯაროვებინათ საქმის მასალები მაშინ, როცა პროკურატურა თავისუფლად საუბრობდა ამ საქმის მასალებზე და საზოგადოებაში ამზადებდა იმ მოსაზრებას, თითქოს ბრალდებული მამალაძე იყო დამნაშავე.

გარდა ამისა, იყო მთელი რიგი დარღვევები ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის; გვახსოვს, რომ ყველა მაღალი თანამდებობის პირი გამოვიდა და მტკიცებით ფორმაში ამტკიცებდა იმას, რომ ძალიან დიდი დანაშაული აიცილეს მათ თავიდან; აქედან ჩანდა, რომ ისინი დამნაშავედ მიიჩნევდნენ ბრალდებულს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ჰქმნიდა იმის განცდას, რომ თვითონ პროცესი არ იყო სამართლიანი და რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდებოდა მის შესაბამისობაზე საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან დასაბუთებულად არის ყურადღება გამახვილებული სახალხო დამცველის დასკვნაში.

შესაბამისად, ეს შეფასებები, რაც მოდის დღეს სასამართლოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან თუ იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ცხადია, არის პოლიტიკური სპეკულაციები. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა პოლიტიკური სპეკულაციები მოდის სასამართლო სისტემიდან, რომელიც არათუ ომბუდსმენს მოუწოდებს, რომ არ შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ პირდაპირ გადადის სახალხო დამცველის ლანძღვაში და შეურაცხყოფაში. ეს არის ყოვლად გაუგებარი რაღაც, როცა ამას სასამართლო აკეთებს.

იუსტიციის მინისტრი შეიძლება არაეთიკურად იქცეოდეს, მაგრამ მაინც პოლიტიკოსია და შეიძლება მის მიმართ მაღალი მოთხოვნები დიდად არც გვქონდეს. თუმცა, როდესაც ამას სასამართლო აკეთებს, ეს განსაკუთრებით და ორმაგად შემაშფოთებელია.”

ნეტგაზეთთან საუბრისას გიორგი ბერაია აფასებს უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას მის საქმიანობას და აცხადებს, რომ ომბუდსმენი ყოველწლიურ ანგარიშებში გადმოსცემდა ყველა ძირითად პრობლემას, რაც ქვეყანაში არსებობდა.

“ომბუდსმენი მოწოდებული იყო იმისთვის, რომ ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი მარგინალიზებული ჯგუფების, დამცველი განცხადებები გაეკეთებინა; შეიძლება ზოგჯერ ეს გაეკეთებინა დაგვიანებით, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ სახალხო დამცველი არ გამოირჩეოდა თავისი პოზიციის დაფიქსირებით. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ შეესრულებინა თავისი ძირითადი ფუნქცია, რაც არ ადამიანის უფლებების დაცვა.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ იგი ხშირად ხდებოდა ხელისუფლების მკაცრი კრიტიკის ობიექტი, რაც, ვფიქრობ, ომბუდსმენის სასიკეთოდ მეტყველებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას უჭირს უკვე განსხვავებულ აზრთან შეგუება. რამდენიმე თვის წინ, ასევე, გვახსოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც ძალიან კრიტიკულად აფასებდა ომბუდსმენის კონკრეტულ შენიშვნებს. ჩემი აზრით, ეს უფრო ამ ორგანოების პრობლემაა და აჩვენებს იმას, რომ სახალხო დამცველი ძალიან ეფექტურად მუშაობს – ასრულებს იმ მთავარ ფუნქციებს, რაც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა,” – აცხადებს გიორგი ბერაია.

ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი