ახალი ამბები

ახალციხის სასამართლოს ქვები და კვერცხები ესროლეს

5 ივლისი, 2013 • 1280
ახალციხის სასამართლოს ქვები და კვერცხები ესროლეს

მისი თქმით, რამდენიმე საათის წინ შენობასთან მივიდა დაახლოებით 70-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილს თან ჰქონდა “ქართული ოცნების” დროშები.

“იძახდნენ უცენზურო სიტყვებს, იგინებოდნენ, ყვიროდნენ, მთლიანად მოახდინეს სასამართლოს ბლოკირება. პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ დიდი რეაქცია არ ჰქონიათ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები შენობასთან აღარ არიან. შენობაში იმყოფებიან პოლიციელები, რომლებიც ათვალიერებენ დაზიანებულ ადგილებს და შენობაში განთავსებულ ვიდეოკამერებს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩიგოგამ.

მისივე თქმით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შენობას აქციის მონაწილეებმა ქვების გარდა ესროლეს კვერცხები, ცოცხები, პომიდვრები.

2011 წლის 4 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები ესროლეს აქციის მონაწილეებმა, სახელწოდებით – “მეც პატიმარი ვარ”. ამის გამო მაშინ პოლიციამ აქციის ათი მონაწილე დააკავა, მათგან ოთხს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ექვსს კი 400-400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ახალციხის ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის მიმართ გამოხატავდნენ პროტესტს, რომლითაც არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებული პოლიციელები გამართლდნენ და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

საპროტესტო აქცია ამ განაჩენის გამო გუშინ ბორჯომშიც გაიმართა. სწორედ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და ამავე პოლიციის ყოფილი ოთხი თანამშრომელი დააკავა ახალმა მთავრობამ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. გამოძიება ირწმუნება, რომ მამუკა ხვედელიანმა და მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა 2009 წელს ერთ-ერთი მამაკაცი სცემეს, შეუარცხყვეს, სკამის ფეხით გააუპატიურეს და ფოტოები გადაუღეს.

თუმცა სასამართლომ დაკავებულებს ეს ბრალდება არ დაუდასტურა.

“ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არათუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა”, – ასე განმარტეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

“სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს, შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან”, – განაცხადეს სასამართლოში.

ამის საპასუხოდ, გუშინ საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა, სადაც მიუთითეს, განაჩენის გამოტანამდე რამოდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით, რაც მოსამართლის სიტყვებით ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა:

“პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატური სასჯელი იქნებოდა მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში”, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

ამ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს უზენაესი სასამართლო:

“საქმის ვითარება სრულიად საპირისპირო გახლდათ: ახალციხის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა თავად იკითხეს, ადეკვატური იყო თუ არა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. სასამართლოს პასუხი გახლდათ შემდეგი: საპროცესო შეთახმება ფორმდება მხარეთა შორის და თუკი ასეთი დოკუმენტი სასამართლოში შემოდის, სასამართლო მას კანონით დადგენილი წესით განიხილავს. 

სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას მთავარი პროკურატურის მხრიდან, არა მარტო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, არამედ, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს”, – განმარტეს უზენაეს სასამართლოში.

3 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულ პირებს ბრალი წაეყენათ ისეთი მუხლებით, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე, არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.

პროკურატურა დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყვეტს მისი გასაჩივრების საკითხს.

საპროტესტო აქცია ახალციხის სასამართლოსთან, ფოტო: sknews.ge, 2013 წლის 5 ივლისი
საპროტესტო აქცია ახალციხის სასამართლოსთან, ფოტო: sknews.ge, 2013 წლის 5 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი