ახალი ამბები

datoo

16 მაისი, 2013 • • 2675
datoo

გაზრდილი კვორუმი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის


კონსტიტუციის იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევა, ნებისმიერი სახის საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო კვორუმი დეპუტატთა რაოდენობის ¾–ით არის განსაზღვრული, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. როგორც ირკვევა ახალ ხელისუფლებას პირველ რიგში სწორედ ამ კვორუმის შეცვლა და მისი კვლავ ⅔–დე (100 დეპუტატი) დაყვანა სურს.


“3/4-ანი ქვორუმი არის ძალიან მაღალი და ეს რაიმე ცვლილების შესაძლებლობას, პრაქტიკულად, არ იძლევა. თუკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ ამ მუხლის ამოქმედებამდე არ შევცვალეთ ეს ნორმა, მერე კონსტიტუციაში ვერანაირ ცვლილებას ვეღარ შევიტანთ”, – ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.


ხმალაძის მოსაზრებას კვორუმის დაწევის აუცილებლობის შესახებ “ნეტგაზეთთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი, 2009 წელს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც იზიარებს. როგორც ცნობილია, ის საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, სწორედ ზემოხსენებულმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა დემეტრაშვილი აცხადებს, რომ კვორუმის გაზრდის საკითხზე მათ არ უმუშავიათ და ეს გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობამ დამოუკიდებლად მიიღო 2012 წელს.


“ვეთანხმები ამაში ხმალაძეს..  ⅔ სრულიად საკმარისია. ეს მუხლი საკონსტიტუციო რეფორმის დროს არ შეცვლილა. როდესაც ეს მიიღეს, რეფორმა უკვე დასრულებული იყო. შარშან არჩევნებამდე მოხდა მისი შეცვლა და ეს შეეხო არამხოლოდ კონსტიტუციის გადასინჯვას, არამედ პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც: იქაც ¾–იანი კვორუმი გახდა საჭირო”.


საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო კვორუმის საკითხზე უმრავლესობისაგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ საპარლამენტო უმცირესობაში. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი იხსენებს, რომ თავის დროზე მათ ეს ცვლილება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერისა და მოთხოვნის საფუძველზე განახორციელეს.


“რაც შეეხება ¾–იან კვორუმს, მე უბრალოდ გაგახსენებთ რატომ გავაკეთეთ ჩვენ ეს. იმ დროს არსებობდა პრეტენზიები, რომ ნაც.მოძრაობას  პარლამენტში ⅔–იანი უმრავლესობა გაგვაჩნდა და ძალიან ადვილად ვცვლიდით კონსტიტუციას… გავზარდეთ კვორუმი და ეს ნაბიჯი მაშინ დადებითად იყო აღქმული. ახლა როგორც ჩანს,  უმრავლესობა აგროვებს საკონსტიტუციო ხმებს, 3 ხმა აკლდებათ მხოლოდ, იმიტომ, რომ მათ ჩვენგან წასული დეპუტატებიც ემატება და 97 კაცი არიან სულ… ეს ყველაფერი საკმაოდ გაუგებარია, ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ძალიან ხშირად ვცვლიდით კონსტიტუციას და ახლა იგივეს აპირებენ თვითონ, ოღონდ თავის თავზე ირგებენ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ¾–იანი კვორუმი არის შანსი იმისათვის, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული პარლამენტის შიგნით და ამ პროცესში მონაწილეობდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც”, – აცხადებს მაჭავარიანი და დასძენს, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული საკონსტიტუციო მუხლი შეიცვალა, ეს საკითხი ვენეციის კომისიასთანაც იყო შეთანხმებული.


“ეს იყო მოწონებული ვენეციის კომისიის მხრიდან. თუ გახსოვთ ძალიან ბევრი გვაკრიტიკებდა, რომ ნაცმოძრაბას ჰყავს 100–ზე მეტი დეპუტატი პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებს ისე, როგორც მოუნდებაო. ახლა თუ კვორუმი ⅔–ზე დაიწევს ეს იქნება იქნება იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია ჭრას და თავის თავზე მოირგოს”.


სუპერ პრემიერ–მინისტრი? – ძალთა გადანაწილება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის

მეორე საკითხი, რომლის კონსტიტუციაში შეცვლასაც საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ურთიერთობა, ანუ სახელმწიფო შტოებს შორის ძალთა გადანაწილების ბალანსია.


როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება პრეზიდენტის ფუნქციების ხარჯზე მკვეთრად იზრდება. ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ გაზრდილი უფლებამოსილება არ სურს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დაბალანსდება. იგი ფიქრობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერის უფლებამოსილებების გაზრდის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კონსტიტუცია 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის მოერგო, რომელიც მისი ოპონენტების აზრით, პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობას აპირებდა.

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ოქტომრბის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი ხდება ძალიან ძლიერი. კერძოდ, ამ ინსტიტუტს ეძლევა პარლამენტის შანტაჟირების საფუძველი: მთავრობას შეუძლია შექმნას ისეთი წინაპირობა, რაც პარლამენტის დათხოვნის საფრთხეს შექმნის. ამასთან, პარლამენტს რეალურად არ შეეძლება მთავრობის გაკონტროლება: კერძოდ, მთავრობას ქმნის პარლამენტი, მაგრამ ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სამთვიანი მოქმედებები, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას, პრემიერს 15 წუთში შეუძლია მოხსნას ესა თუ ის მინისტრი და მთლიანი მთავრობა შეცვალოს, პარლამენტთან დაუკითხავად:


“მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ჭირდება პარლამენტში 60%-ანი უმრავლესობა, რაც არასწორია. თუკი პარლამენტი მთავრობას უმრავლესობით უცხადებს ნდობას, ასეთივე უმრავლესობით უნდა შეეძლოს მას უნდობლობის გამოცხადება. არსებული პარლამენტის პირობებში, 60%-ანი უმრავლესობა, ეს არის 90 დეპუტატი. ამ დროისთვის “ქართულ ოცნებას”, ანუ უმრავლესობას, ახლადშესული დეპუტატებიანად ჰყავს 86 პარლამენტარი;


რა ხდება, როდესაც პარლამენტი არ ამტკიცებს მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს? – დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამისთვის ისჯება პარლამენტი – ბიუჯეტს დეკრეტით ამტკიცებს პრეზიდენტი და ითხოვს პარლამენტს. იმ ცვლილებებით კი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდება, თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, მთავრობა წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით ხარჯავს ფულს და ამისთვის არავინ ისჯება, რაც არასწორია. ცივილურ ქვეყნებში, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ცვლის მთავრობას ან პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, გამოდის, რომ უბრალოდ ახურებს და მეტი არაფერი;


მე არც სუპერ პრეზიდენტი მინდა და არც სუპერ პრემიერ-მინისტრი. იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდება, არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების ბალანსი: თუ პრეზიდენტი და პრემიერი შეიკრა, საერთოდ შეუძლიათ პარლამენტი დაივიწყონ და თუკი პრეზიდენტი და პარლამენტია შეკრული, შეუძლიათ პრემიერი დაითხოვონ”, – აცხადებს ხმალაძე.


“მმართველობის შერეული მოდელი, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს” – ასე ახასიათებს ავთანდილ დემეტრაშვილი ქვეყნის მოწყობის იმ საკონსტიტუციო მოდელს, რომელზეც საქართველო 2013 წლის ოქტომბრიდან უნდა გადავიდეს. იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პრემიერ–მინისტრს ახალი საკონსტიტუციო რეალობაში საკმაოდ დიდი უფლებამოსილება გააჩნია.

“პრემიერ–მინისტრს საკმაოდ დიდი უფლებამოსილება  გააჩნია. უნდა აღსდგეს ის ნორმა, რომელიც მანამდე იყო კონსტიტუციაში და რეფორმის დროს შეიცვალა, რომ თუკი პრემიერი მთავრობის შემადგენლობას ⅓ –ით მაინც შეცვლის, მან უნდა წარადგინოს  მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში”, – აცხადებს იგი და სამწუხაროს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ეს საკითხი ვერ დააბალანსა იმ კომისიამ, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა.


“ყველაფერს მე არ ვწყვეტდი იქ, წყვეტდა [კომისიის წევრთა] უმრავლესობა. საერთო ტენდენცია იყო უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველანაირად დაეცვათ პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი. უფრო მეტსაც გეტყვით, საპარლამენტო რესპუბლიკაზეც კი მთლიანად გადადიოდა უმრავლესობა, მაგრამ მე როგორღაც შევძელი, რომ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელის გარკვეული ელემენტებია შენარჩუნებული: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მისი უფლებამოსილება და ასე შემდეგ”.


კონსტიტუციონალისტის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო კომისია კონსტიტუციის რეფორმირებაზე მუშაობდა, იგი ყველანაირად ცდილობდა, რომ არა კონკრეტულად პრემიერის ინსტიტუტის, არამედ მთლიანად მთავრობის როლი გაეზარდა.


“ჩვენი კომისიის მუშაობის დროს მე ვცდილობდი გაგვეძლიერებინა აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ არა პრემიერ–მინისტრი, არამედ მთავრობა. რატომღაც ამას არავინ აქცევს ყურადღებას. პარლამენტი ნდობას და უნდობლობას უცხადებს არა პრემიერს, არამედ მთლიანად მთავრობას. იქ სხვა მომენტებიცაა, გუბერნატორებს ნიშნავს არა პრემიერი, არამედ მთავრობა. მაგრამ თუ ფორმალურ მომენტებს თავიდან მოვიცილებთ, რა ფორმალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მთავრობას,  თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება პრემიერ–მინისტრად, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე სწორედ ის იქნება სახელმწიფოს პირველი პირი”.

 

დემეტრაშვილი
დემეტრაშვილი


დემეტრაშვილი იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელისუფლებო ურთიერთობების ერთი ნაწილი გადასასინჯია.


“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არასწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ახალი რედაქციით არ იზრდება პარლამენტის როლი. სახელმწიფოში პარლამენტის ძირითადი დანიშნულება არის კანონის მიღება და ამით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა. მოდით ვნახოთ გაიზარდა თუ არა ამ სფეროში მისი უფლებამოსილებები. რა თქმა უნდა, გაიზარდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს პარლამენტის დღის წესრიგის მონოპოლიზირება, ანუ საკანონმდებლო ინიციატივების უფლება პრეზიდენტს აღარ აქვს, იგი ვეღარ მოსთხოვს პარლამენტს, რომ მისი კანონპროექტები რიგგარეშე განიხილოს და ვეღარ მოიწვევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას თავისი დღის წესრიგით. პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება საკუთარი სურვილით კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა დააყენოს, მოითხოვოს რეფერენდუმი და რაც მთავარია, პრეზიდენტის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული პარლამენტის არსებობა–არარსებობა. თუ დღეს ოთხი საფუძვლით შეუძლია პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვა, ახალი რედაქციის მიხედვით მას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია ამის გაკეთება და ეს შემთხვევაა, როდესაც პარლამენტში ვერ იქმნება უმრავლესობა, შესაბამისად ვერ იქმნება მთავრობაც”, – ამბობს იგი.


პარლამენტის ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ეს საკითხია, რომელზეც პრეტენზიას ვახტანგ ხმალაძე გამოთქვამს. დემეტრაშვილი აღიარებს, რომ ამ საკითხის დასარეგულირებლად ზემოთ ხსენებულმა 2009 წელს შექმნილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ჯეროვნად ვერ იმუშავა.


“აქ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ უზრუნველყო პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის ჯეროვანი განხორციელბა. იმდენად რთული და ხანგრძლივი პროცესია უნდობლობის გამოცხადების, რომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს… 100–120 დღის განმავლობაში გრძელდება ეს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. კიდევ ერთი, პრეზიდენტს გააჩნია უპრეცედენტო (ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს) აღმასრულებელი ვეტოს უფლება, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა დაასახელა პრემიერის კანდიდატურა და პრეზიდენტი უარს ამბობს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არა, მე ამ კანდიდატურას არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ წარადგინა იგი. თუ პარლამენტს სურს, რომ პრეზიდენტის ეს ვეტო გადალახოს მაშინ ⅗ –ით უნდა გააკეთოს ეს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ნუ გეგონებათ, რომ მე ამის თაობაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს არ ვლაპარაკობდი თბილისშიც და საზღვარგარეთაც, მაგრამ კომისიის წევრების უმრავლესობამ არ დამიჭირა მხარი. ჩემი აზრით, უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილება”, – ამბობს დემეტრაშვილი და დასძენს, რომ ახალი კონსტიტუციით პარლამენტი დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ იგი ჯეროვნად ვერ შეასრულებს საკონტროლო ფუნქციას მთავრობის მიმართ.

მისივე თქმით, მთავრობა გაძლიერდა კონტრასიგნაციის საფუძველზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტების დაახლოებით 60 პროცენტი საჭიროებს ან მთავრობის წინასწარ თანხმობას, ან პრემიერის ხელმოწერას იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს. მიუხედავად ამისა, დემეტრაშვილი არ ფიქრობს, რომ კონტრასიგნაციის პირნციპი შესაცვლელია.


“ზოგადად თუ ვიტყვი ჩემს აზრს: [რა უნდა შეიცვალოს ახალი რედაქციის  კონსტიტუციაში] პრემიერ–მინისტრს არ უნდა ჰქონდეს მთავრობის ცვლის შეუზღუდავი, ულიმიტო ფარგლები, მეორე მიმართულება, არ უნდა იყოს ერთმანეთთან შერწყმული უშიშროება და შს სამინისტრო. კომისიაში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა ვიცი, რომ ხმალაძე ამ საკითხს მხარს უჭერს და გარდა ამისა, იქნებ დაბრუნდეს ის იდეა, რომელიც მე ჯერ კიდევ 1993–1995 წლებში დავაყენე, რომ პარლამენტი იყოს 2–პალატიანი. ეს იდეა ჩვენ კომისიაშიც განიხლებოდა, პრეზიდენტიც უჭერდა მხარს, მაგრამ უმრავლესობამ ბოლო ეტაპზე უარი თქვა მასზე”, – აცხადებს იგი.


რაც შეეხება პრეზიდენტის როლს ახალ საკონსტიტუციო რეალობაში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე აქაც გამოთქვამს გარკვეულ შენიშვნებს:


“მართალია, მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ პრეზიდენტი კვლავ რჩება მთავარსარდლად, ანუ ჯარს ბრძანებას აძლევს ისევ პრეზიდენტი. ამას გარდა, თუკი პრეზიდენტი მოისურვებს, მას შეუძლია მცირედით, მაგრამ მაინც შეაფერხოს მთავრობის მუშაობა. კერძოდ, მას აქვს უფლება მთავრობას დაავალოს კონკრეტული საკითხების განხილვა და ასეთი საკითხები, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ყოველ კვირაში გამოძებნოს და მთავრობას არა აქვს უფლება უარი თქვას ამ საკითხების განხილვაზე”.


შეუძლია, თუ არა პრეზიდენტს, რომ თეორიულად მთავრობის მუშაობა შეაფერხოს ახალ კონსტიტუციურ რეალობაში, ამ კითხვას დემეტრაშვილი შემდეგნაირად პასუხობს.


“არა. იქ არის ასეთი დათქმა, პრეზიდენტს შეუძლია მოითხოვოს გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვა , მაგრამ ამ სხდომას ესწრებიან უშიშროების საბჭოს წევრები. ანუ ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე შეუძლია პრეზიდენტს განხილვის მოთხოვნა…”, – ამბობს დემეტრაშვილი და დასძენს, რომ მართალია, ახალი კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი აღარ არის ქვეყნის მმართველობის ქვაკუთხედი, მაგრამ მისი ჩამოლაბორანტება და მხოლოდ სიმბოლურ–ცერემონიალურ ფიგურად წარმოჩენა აბსოლუტურად არამართებული იქნება.


“პრეზიდენტს  ოქტომბრის შემდეგაც  ექნება ისეთი უფლებამოსილებები, რომელიც ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმურობა ვინაიდან ხალხის მიერაა არჩეული და ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ მე მთელი საქართველოს პრეზიდენტი ვარ. იგი ქმედითი არბიტრია”.


დემეტრაშვილის განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, როგორზეც საქართველო ოქტომბრიდან უნდა გადავიდეს, ევროპაშიც აპრობირებულია. სწორედ ასეთ შერეულ მოდელს იყენებენ პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი.


უნდა შემცირდეს თუ არა პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება და როგორ უნდა გადანაწილდეს ძალთა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის – ამ საკითხზე კონსტრუქციულ რეჟიმში სასაუბროდ მზად არიან საპარლამენტო უმცირესობაშიც.


“ჩვენ გადავედით ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე და ბუნებრივია პრეზიდენტის ფუნქციები შევამცირეთ და პრემეირის გავზარდეთ, მაგრამ

მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი

მე გაგახსენებთ “ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც ახლა როგორც ჩანს, დაავიწყდათ. ნახეთ “ოცნების” საარჩევნო პროგრამა და იქ წაიკითხავთ, რომ ისინი ამბობენ, ერთ საპარალემრნტო ვადაში პარლამენტმა კონსტიტუცია არ უნდა მიიღოსო, ანუ კონსტიტუცია ორი მოსმენით უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა და ძალაში უნდა შევიდეს შემდეგი პარლამენტის არჩევის პირობებში. როგორც ჩანს, მათ ეს ყველაფერი დაავიწყდათ და ეს ჩანაწერი პროგრამაში მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ლამაზად გამოჩენილიყო. ახლა ყურადღებას აღარ აქცევენ”, – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი და დასძენს, რომ იდეალური ამ ქვეყანაში არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც წინა მოწვევის პარლამენტმა ზემოთ ხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო ამას წინ დაახლოებით 15–თვიანი მუშაობდა უძღოდა.


“როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო პროექტი მივიღეთ მინიმუმ ერთი წელი იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ, ამის შემდეგ პროექტი გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, სადაც დაახლოებით 3 თვე მიმდინარეობდა მისი განხილვა და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ იგი. ჩვენ პროექტი მივიღეთ მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიციური ძალის, ქდმ–ს მხარდაჭერით, ანუ მარტოს არ მიგვიღია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის 15 მაისი ახალი საკონსტიტუციო კომისია როდის იქმნება და რა ფორმატი ექნება მას, ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი ალბათ ფაცი–ფუცში მოხდება, მერე ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს, ვენეციის კომისიას თავისი ვადები აქვს, ისინი ჩვენ ჭკუაზე სხდომებს არ იწვევენ და შესაბამისად, მივიღებთ არასრულყოფილ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – აცხადებს იგი.


დეპუტატი ამბობს, რომ იგი ჯერ ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით პარლამენტის როლი კნინდება.


“მე ამ არგუმენტს მას შემდეგ გავიზიარება ან არ გავიზიარებ, რაც შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, იქნება მსჯელობა და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა, ოღონდ კონსტრუქციულად, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში”.


დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კი, კონსტიტუციაში პირველი ეტაპისათვის აუცილებელი ცვლილებების შესატანად უმრავლესობას დრო აგვისტომდე აქვს.


“ამ ცვლილებების განხორციელებისთვის ვადა გვაქვს აგვისტომდე და მათი განხორციელება აუცილებელია დღესვე. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადებას, ამას ერთ წელზე ნაკლები დრო არ ეყოფა, რადგან საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს ამ პროექტის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი