ახალი ამბები

დავით საგანელიძე: ბედუკაძეს, რა თქმა უნდა, დანაშაული აქვს ჩადენილი

4 ივლისი, 2013 • • 1012
დავით საგანელიძე: ბედუკაძეს, რა თქმა უნდა, დანაშაული აქვს ჩადენილი

როგორც საგანელიძემ დღეს “ფრონტნიუსის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი აზრით, ბედუკაძეს დანაშაული ჩადენილი აქვს, თუმცა მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

“მე ჩემი პოზიცია ძალიან მყარად მაქვს ჩამოყალიბებული. ბედუკაძეს, რა თქმა უნდა, დანაშაული აქვს ჩადენილი. ბედუკაძე არის ის ადამიანი, ვინც პასუხისგებაში უნდა ყოფილიყო მიცემული, მაგრამ, ისევე როგორც უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც არის ასეთი წესი, რომ თუ შენ თანამშრომლობ სამართალდამცველ სტრუქტურებთან და თუ აწვდი ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნას ემსახურება და ამ ინფორმაციით ბევრ თემას ეხსნება ფარდა და, შესაბამისად, ინანიებ, მაშინ ხდება გარკვეული გარიგება სამართალდამცველ სტრუქტურებსა და ბრალდებულბს შორის და საპროცესო გარიგებით ადამიანები თავისუფლდებიან. პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა გამოიყენა ეს უფლება, ვინაიდან მან ბედუკაძისგან მიიღო ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩათვალა, რომ ბედუკაძე მაქსიმალურად თანამშრომლობს პროკურატურასთან და მისგან კიდევ მრავალი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ მან ჩათვლა, რომ გამოიყენოს ეს უფლება და ის გაათავისუფლოს… ეს ერთი კაცი. აქ მე ვერაფერ დანაშაულს ვერ ვხედავ. მინდა თუ არა, რომ ბედუკაძე იყოს პატიმრობაში, ეს ერთია, მაგრამ მეორეა სამართლებრივი მხარე, აქ კი სამართლებრივი მხარე არ დარღვეულა”, – განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, თუ ბედუკაძის წინააღმდეგ ახალი ჩვენებები გაჩნდება სხვა საქმეებთან დაკავშირებით და ახალი ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ მის წინააღმდეგ ახალი საქმე უნდა აღიძრას, რადგან ის საპროცესო შეთანხმება, რომელიც მასთან გაფორმდა, უსაზღვრო არ არის და ყველა საქმეზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძე არ იქნა ცნობილი დამნაშავედ ადამიანის წამებაში და მას გირაოს სახით გადახდილი 2000 ლარი უკან დაუბრუნდება ერთი თვის ვადაში. მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება ბედუკაძის გამოძიებასთან “განსაკუთრებული თანამშრომლობით” ახსნა.

ამ საკითხზე 14 ივნისს სასამართლოში განცხადება გააკეთა სპიკერმა მოსამართლემ ეკა არეშეიძემ, რომელმაც ბედუკაძის საქმის დეტალები  განმარტა. მისი თქმით, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და ბედუკაძეს შორის ადვოკატის მონაწილეობით გაფორმებული იყო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ კბილაშვილმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ “რადგან ბედუკაძემ განსაკუთრებულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის გაეთავისუფლებინათ” და აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

 

 

გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გაავრცელა გასული წლის სექტემბერში ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალები, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ადამიანის წამების მუხლით. ბედუკაძე ბელგიიდან საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ დაბრუნდა, 2013 წლის 18 იანვარს, ის მაშინვე დააპატიმრეს, რადგან დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

 

ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი