ახალი ამბები

კონდიცირების მუდმივი პრობლემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

4 ივლისი, 2013 • 3024
კონდიცირების მუდმივი პრობლემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

“ზაფხულის პერიოდში ავტობუსში გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მით უმეტეს, პატარა ავტობუსებში, რომელიც ძალიან გადატვირთული დადის”, – აცხადებს ერთ–ერთი მგზავრი, რომელსაც #20 ავტობუსით მგზავრობა ყოველდღიურად უწევს.

მძღოლები კი ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათ მგზავრებზე მეტად აწუხებთ:

“ზაფხულის მოსვლა ჭირივით მეზიზღება, მთელი ზაფხული ვმუშაობ, დღეში 15–16 საათი, მორიგეობისას- უფრო დიდხანს. ზაფხულში ავტობუსი თონესავითაა, ყოველთვის ვფიქრობ, ეს ავტობუსები რა შემოსაყვანი იყო?! გუშინ თავი ისეთი გათიშული მქონდა, ვამბობდი, მშვიდობით ჩავამთავრო დღე-მეთქი”, – ამბობს #31 ავტობუსის ერთ–ერთი მძღოლი.

#9 ნომერი ავტობუსის მძღოლი ამ საკითხზე საუბარს ერიდება:

“მე ნუ მეკითხები, მუშაობს თუ არა, არაფერი ვიცი, ახლა სამსახური არ დამაკარგვინოთ, წადით და უფროსობას კითხეთ, რაც გაინტერესებთ”.

 

“როცა მეკითხებიან, სად ვმუშაობ, ვპასუხობ – საუნაში,” – ამბობს ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.

“პატარა ავტობუსებს საერთოდ არ აქვთ კონდიცირების სისტემა, დიდ ავტობუსებს აქვთ, მაგრამ არ მუშაობს, როგორც ვიცი, ცხელ ჰაერს უბერავდა და საერთოდ გათიშეს. ხალხი ხშირად გვეჩხუბება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ისინი რამდენიმე წუთით ამოდიან და ჩვენ მთელი დღე მისჯილებივით აქ ვსხედვართ”, – ამბობს #37 ავტობუსის მძღოლი.

ასეთ პირობებში მუშაობა თბილისის სამივე ავტოპარკში მომუშავე 1334 მძღოლს უწევს.

ყვითელი ავტობუსები/ფოტო: კატო კოპალეიშვილი
ყვითელი ავტობუსები/ფოტო: კატო კოპალეიშვილი

 

მუნიციპალური ტრანსპორტი 2009 წლის 1 ივლისს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” გადაეცა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემა დგას, თუმცა მისი მოგვარება ვერ ხერხდება:

“გადმოცემული ავტობუსების დაახლოებით 85% არ იყო აღჭურვილი კონდიცირების სისტემით, ხოლო დარჩენილ ნაწილზე კონდიცირების სისტემა იყო არამუშა მდგომარეობაში, რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა რიგი ტექნიკური და ობიექტური მიზეზების გამო”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ისინი არ აზუსტებენ, მომავალში იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებების გატარება აღნიშნულის მოსაგვარებლად.

როგორც ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია აცხადებს, მთელი დღის მანძილზე სიცხეში ყოფნამ ადამიანის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას:

“თუკი ადამიანი მთელი დღის მანძილზე სიცხეში იმყოფება, მას არ აქვს გაგრილების, დიდი რაოდენობით წყლის მიღების საშუალება, შესაძლოა, სხეულის გადახურება მოხდეს, რაც შეიძლება გულის წასვლაშიც გამოიხატოს. სიცხეში ყოფნა ორმაგად საშიშია მათთვის, ვისაც აწუხებს გულ–სისხლძარღვთა სისტემა, ან სხვა დაავადებები, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, შესაძლოა სიცხემ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს”, – აცხადებს ეკატერინე კვარაცხელია.

მისი თქმით, იქ, სადაც ადამიანს დღის უმეტესი ნაწილის გატარება უწევს, ნორმალურ პირობებში ტემპერატურა 18–23 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას, თუკი ჰაერის ტემპერატურა სხეულისაზე მაღალია:

“სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, კანიდან მეტი სითხე ორთქლდება, ოფლიანობის დროს იკარგება სასარგებლო მიკროელემენტები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, რაც სხეულში დიდ ცვლილებებს იწვევს, ამიტომ ყველა ჯანმრთელ ადამიანსაც კი ვურჩევდი სიცხეს მოერიდოს”, – აცხადებს ეკატერინე კვარაცხელია.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია ამბობს, მძღოლების რთული მდგომარეობის გამო მათ სატრანსპორტო კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დაპირებების გარდა არაფერი მიუღიათ:

“ჩვენ ერთი კვირის წინაც დავუფიქსირეთ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ არ შეიძლება მძღოლები ასეთ პირობებში იყვნენ. როდესაც გარეთ 38 გრადუსი სიცხეა და თან შიგნით მძღოლი ძრავის გვერდზე ზის, იქ 40 გრადუსსაც კი აჭარბებს ტემპერატურა. კომპანიამ ისევ დაგვინიშნა ამ თემაზე შეხვედრა, თუმცა პასუხი იქნება იგივე, რასაც ვიღებდით წინა წლებში, რომ ამაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, სახელმწიფო შესყიდვაა და ამას დრო უნდა, ამის ლაპარაკში კი დამთავრდება ზაფხული და მოვა ზამთარი. შარშანაც მივმართეთ კომპანიას და იგივე დაპირება მივიღეთ, რომელიც დაპირებად დარჩა და შედეგი სახეზეა”, – აცხადებს ლავრენტი ალანია. მისი თქმით, კონდიცირების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა სამარშრუტო ტაქსებში:

“სამარშრუტო ტაქსებს მუდმივად ვამოწმებთ. დიდ მარშრუტებზე ძირითადად ჩართულია, პატარა მარშრუტებზე ხანდახან არ რთავენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მგზავრებს ვურჩევდი, მოითხოვონ კონდიცირების ჩართვა”, – აცხადებს ლავრენტი ალანია.

 

ყვითელი ავტობუსები/ფოტო: კატო კოპალეიშვილი
ყვითელი ავტობუსები/ფოტო: კატო კოპალეიშვილი

როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ კონდიცირების სისტემა ყველა სამარშრუტო ტაქსში გამართულად მუშაობს, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით კონდიცირების ჩართვის თარიღი განსაზღვრული არაა:

“შარშან დადგენილი იყო 15ივლისიდან კონდიცირების ჩართვა, მიუხედავად ამისა, წელს ჩვენ არ გვაქვს ზუსტად განსაზღვრული თარიღი აღნიშნულთან დაკავშირებით. წლევანდელი ცხელი ზაფხულიდან გამომდინარე, მგზავრთა მოთხოვნის მიხედვით მძღოლი ვალდებულია ჩართოს კონდიციონერი. მარშრუტზე მოძრაობის დროს კონდიციონერის მწყობრიდან გამოსვლის ერთეულ შემთხვევებში მარშრუტიდან დაბრუნებისთანავე ვიღებთ შესაბამის ზომებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი დააფიქსირებს, რომ მძღოლი კონდიცირების ჩართვაზე უარს იტყვის, მათ აუცილებლად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 2 970 970, ან 2 200 340 და ოპერატორს ინფორმაცია მიაწოდონ:

“კონდიციონერის თვითნებურად არჩართვის შემთხვევაში მძღოლი იღებს გაფრთხილებას ან რამოდენიმე დღით ეზღუდება მარშრუტზე მოძრაობა”, – განაცხადეს “თბილისის მიკროავტობუსში”, თუმცა მგზავრების უმრავლესობამ ცხელი ხაზის შესახებ არაფერი იცის და ავტობუსებისგან განსხვავებით, სადაც მძღოლები პრობლემას ვერ აგვარებენ, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების ჩართვის მოთხოვნით მძღოლებთან კამათი ყოველდღე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი