ახალი ამბები

2024 წლიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტზე შეზღუდვები გამკაცრდა

1 იანვარი, 2024 • 3603
2024 წლიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტზე შეზღუდვები გამკაცრდა

2024 წლის პირველი იანვრიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის გადაადგილების წესის დარღვევაზე შეზღუდვები გამკაცრდა. 

ცვლილებების თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გამეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

აქამდე არსებული ნორმით აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარი იყო. 

ცვლილებების შემდეგ შეზღუდვები არ გავრცელდება: 

  • საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
  • იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; 
  • ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილება შევიდა  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ . 

მასალების გადაბეჭდვის წესი