ახალი ამბები

ხადური: როგორი პოლიტიკური გარემოც არ უნდა იყოს, იმ დღეს კანონი შვებულებაში არ გადის

3 ივლისი, 2013 • • 1593
ხადური: როგორი პოლიტიკური გარემოც არ უნდა იყოს, იმ დღეს კანონი შვებულებაში არ გადის

 

როგორც მინისტრმა დღეს, 3 ივლისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხზე უმჯობესი იქნება, თუ შეკითხვას პროკურატურის მისამართით დავსვამთ.

 

“მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ მერიის თანამშრომლები დილით იყვნენ დაკითხვაზე, ხოლო ძალიან მცირე ნაწილი საღამოს იქნა დაკავებული. ვისაც, სად, როდის არ უნდა ემუშავა, ან აპირებს მუშაობას, ეს არ არის იმუნიტეტი იმ ჩადენილი დარღვევებისათვის, რომელიც მან დაუშვა. ყველაფერ დანარჩენს გააკეთებს გამოძება”.

 

როგორც ცნობილია, დღეს ამ საკითხზე განცხადება პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა, თუმცა ხადური ამტკიცებს, პრემიერის აქცენტი არა შესაძლო პროცედურულ დარღვევას, არამედ ეხებოდა იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს მსგავსი ქმედების განხორციელება.

 

“ამასთან დაკავშირებით პრემიერმა არა პროცედურულ დარღვევებზე გამოთქვა, არამედ იმაზე, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილი შეიძლება ყოფილიყო ამის გაკეთება იმ დროს. მაგრამ მე ვთქვი და ერთ–ერთმა ცნობილმა ექსპერტმა ჩემი სიტყვები გამოიყენა, როგორი პოლიტიკური გარემოც არ უნდა იყოს საქართველოში, იმ დღეს კანონი შვებულებაში არ გადის”, – განაცხადა ხადურმა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, ვინც ფიქრობს, რომ 27 ივნისს თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებისას რაიმე სახის პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, პროკურატურაში განცხადება უნდა შეიტანოს და ამის გამოძიება მოხდება.

 

 

“მე რეაქციას გავაკეთებ მხოლოდ იმ გამონათქვამებზე, რომელსაც ოპოზიცია აკეთებდა და სახალხო დამცველსაც აქვს ეჭვები. თუკი ეჭვი არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს განცხადება და უნდა მოხდეს გამოძიება. თუკი იყო პროცედურული დარღვევები, ვინც დაარღვია, იმან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. თუკი გადაცდომა იყო, უნდა გამოვიძიოთ. მე პირადად არ შემიძილია შევაფასო, რამეთუ მე ამ პროცესებით დაკავებული არ ვიყავი”, – განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, მერიის და და საკრებულოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ 27 ივნისს, საქართველოში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს, დილით სამართალდამცველებმა ისინი ჯერ დააკავეს და ბორკილები დაადეს, ხოლო შემდგომ მოწმის სახით დაკითხეს და გაათავისუფლეს. მათი თქმით, დაკავებები პროცედურული დარღვევებით განხორციელდა. მათ ამ საკითხზე საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანეს. იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიის ოთხი მაღალიჩინოსანი მაინც დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი