ახალი ამბები

გიორგი ონიანი: მოწმემ თქვა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემამდე გაიტაცეს

3 ივლისი, 2013 • 997
გიორგი ონიანი: მოწმემ თქვა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემამდე გაიტაცეს

ონიანის თქმით, ლევან სუთიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე უცნობმა პირებმა ავტომობილ ლენკრუიზერ 200–ით წაიყვანეს წყნეთისკენ და უთხრეს, რომ რომ სასამართლოში მისაცემი ჩვენების გახსენებაში უნდა დახმარებოდნენ. შემდეგ ტელეფონი მანქანიდან გადაუგდეს და წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში დატოვეს:

 

“როგორც სუთიძემ განაცხადა, ის დაალოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდა ტელეფონს, იპოვა და დაურეკა მის მეგობარ სპეცრაზმელს, რომელიც ახლაც სპეცრაზმში მუშაობს და მას დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც მეგობარმა ის ტყიდან წამოიყვანა. ამის დადასტურება შეიძლება სატელეფონო ჩანაწერებით და ამ სპეცრაზმელის დაკითხვით”, – განაცხადა ონიანმა.

 

პროკურორი შაქრო ზაალიშვილი კი მოწმე ლევან სუთიძის ჩვენებას სპექტაკლს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მონაყოლი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა:

“ამ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები კავშირში არაა ახალაიას საქმესთან. სუთიძემ უბრალოდ ახსენა, რომ მისთვის უცნობმა პირებმა ის წაიყვანეს და ესაუბრებოდნენ. მე ლევან სუთიძეს მივმართე, რომ თუ მას ეშინია, რომ ეს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მას შეუძლია მიმართოს პროკურატურას და დაიწყოს გამოძიება, ხოლო იმაში, რაც მან სასამართლოზე თქვა, მე დანაშაულის ნიშნები ვერ დავინახე. მას არ უთქვამს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს სადმე”, – განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, მოწმეს სასამართლოზე ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი