ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

27 ივლისი, 2017 • 2905
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. დააკავეს.

“2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს (ე.წ. “ბაზრობა ნიუ მოლი”) ცეცხლი გაუჩნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება “ბაზრობა ნიუ მოლის” სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა “ბაზრობა ნიუ მოლის” მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია,” – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, გ.მ. დააკავეს საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებულ პირებს ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი