“ჩვენ ცალმხრივად შემოვიღეთ სავიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს კვლავაც უვიზოდ შეუძლიათ შესვლა ირანში,” – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს რამდენიმე ქვეყანასთან აქვს ორმხრივი შეთანხმება გაფორმებული დიპლომატიური, სამსახურეობრივი ან სპეციალური და ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში 2011 წლის იანვრიდან შევიდა ირანი, როდესაც საქართველოსა და ირანის მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მეორე მხარის ტერიტორიაზე 45 დღემდე ყოფნის უფლებით.
“ჩემი კლიენტებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 1 ივლისიდან ამოქმედდა და ქვეყანაში შემოსასვლელი ორკვირიანი ვიზა 35 დოლარი ღირს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ირანელმა ბიზნესმენმა მასუდ რამეზანიანმა, რომელსაც საქართველოში ტურისტული ბიზნესი აქვს.
კომპანია “ფასპლიუს 1”-ს ირანელი პარტნიორები ჰყავს. კომპანიის დამფუძნებლის ნაზი ალასანიას ინფორმაციით, ამიერიდან მისი პარტნიორები უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ საქართველოში შემოსასვლელად.
“ჩემი პარტნიორებისგან ვიცი, რომ ვიზას ისინი საბაჟოზე მიიღებენ”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ განმარტონ, თუ რას უკავშირდება სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება ირანთან.
გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2014 წლის 9 ივლისამდე გახანგრძლივდა მანდატი ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდება.
ბირთვულ იარაღის წარმოების გამო ირანს გაერომ სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკური და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვულ იარაღის წარმოებასთან ირანში.
2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის, კერძოდ, ემბრაგო დაედო ამ ქვეყანაში საბრძოლო ტანკების, თვითმფრინავების, სამხედრო ხომალდების და სამხედრო ვერტმფრენების, რაკეტების ან სარაკეტო სისტემების მიწოდებას.
2013 წლის 20 ივნისს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო იზრდება ირანელების ინვესტიცია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილია 150 მცირე თუ საშუალო კომპანია ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გარდა, კიდევ ორი ქვეყანაა (სომხეთი და თურქეთი) ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აქვს თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ირანთან.
აღნიშნული სტატიის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.
„როგორც კი გაეროდან რეზოლუციის სახით შემოდის ეს სიები, თუ აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვთ ჩვენთან საბანკო ანგარიშები, ეს ანგარიშები მოსამართლის გადაწყვეტილებით იყინება”, – განაცხადა წულუკიანმა.
„ბირთვული იარაღი საშიშია! ჩვენ ვახორციელებთ გაეროს ყველა სანქციას და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა შევძლოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.
“როცა ვსაუბრობთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, ძირითადად, არის სამი ტიპის სანქცია: ეს არის კონკრეტული ინდივიდების ან იურიდიული პირების მიმართ საქმიანობის შემზღუდავი სანქციები, რადგანაც უშიშროების საბჭოს აზრით, ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ბირთვულ პროგრამასთან, მეორე – ეს არის სანქციები, რომლებიც შეეხება ორმაგი დანიშნულების და სამხედრო მასალის ტრანზიტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მესამე – ეს არის იარაღის ემბარგო, რომელიც განსაზღვრულ ჩარჩოებში არსებობს ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ”, – განმარტავს თეიმურაზ ანთელავა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა გაეროს ექსპერტთა პანელი, რომელიც პასუხისმგებელია გაეროს უშოშროების საბჭოს სანქციების რეჟიმის შესრულების ზედამხედველობაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების მხრიდან:
“მათი შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური. კერძო საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ის სისტემური ჩარჩო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, რათა უზრუნველყოს შესაბამისობა საქართველოში საერთაშორისო ვალდებულებებთან სანქციების რეჟიმის კუთხით, გაცილებით ზოგიერთ ასპექტში უფრო განვითარებულია, ვიდრე დასავლეთ ევროპული ქვეყნებისა”, – აცხადევს თეიმურაზ ანთელავა.
