ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო ბრალდებულს ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა

9 ნოემბერი, 2017 • 11812
ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო ბრალდებულს ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს  სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს”, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა მიზნად ისახავდა  დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას,” – აცხადებს სასამართლო.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან – 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა  ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი