ახალი ამბები

არა პროპაგანდას – მარიამ ჯაშის პოზიცია ლგბტ თემის პროპაგანდის შესაძლებლობაზე

8 ნოემბერი, 2017 • 22660
არა პროპაგანდას – მარიამ ჯაშის პოზიცია ლგბტ თემის პროპაგანდის შესაძლებლობაზე

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ფეხბურთელ გურამ კაშიას მონაწილეობით ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა.

“შესაბამისად, გადაჭარბებულად მოხდა თუნდაც დროის რესუსრსის დათმობა აღნიშნული თემისთვის. ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა  პროპაგანდას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მარიამ ჯაშმა.

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ქართული მარშის მიერ ორგანიზებულ აქციებს გურამ კაშიას წინააღმდეგ და შესაძლებელია თუ არა ლგბტ პროპაგანდა, ჯაში პასუხობს, რომ საზოგადოებაში ამ ფაქტმა ზედმეტად დიდი ყურადღება მიიპყრო.

“ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გარშემოც საკმარისი საზოგადოებრივი ჩართულობა არ გვაქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს მოიცავს. ეს, ბუნებრივია, ასევე მოიცავს ნებისმიერი ქვეყნის კულტურული საფუძვლების და ტრადიციულ ჭრილში განხილვას. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, რომელსაც არ სჭირდება ასეთი დაპირიპირებული პოზიციები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. ამის გამო მოძრაობამ “ქართული მარში” ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართა, კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.


[highlight color=”eg. red”]განმარტება:

მასალის სათაური თავდაპირველი ვერსია იყო – “მარიამ ჯაში: ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა ლგბტ პროპაგანდას”, რაც შეიცვალა, ვინაიდან ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა პრეტენზიით, რომ ჯაშს სიტყვა ლგბტ არ უხსენებია. ჩვენ ვთხოვეთ განემარტა ქალბატონ ჯაშს, თუ რისი პროპაგანდა იგულისხმა, ვინაიდან ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ლგბტ თემის პროპაგანდა? ჩვენ შევთავაზეთ დამატებითი ინტერვიუს ჩაწერაც ამ საკითხზე ქალბატონ ჯაშს, რაზეც თანხმობა ვერ მივიღეთ.

დამატებით ვაქვეყნებთ მარიამ ჯაშსა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერს, რათა მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას, თუ რა შეკითხვას რა პასუხი გასცა მარიამ ჯაშმა და რამდენად დაიცვა ნეტგაზეთმა ფაქტის სიზუსტე მისი ციტატის გადმოცემისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი