ახალი ამბები

დაკავება თუ დაკითხვა- თანამდებობის პირების და საგამოძიებო ორგანოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

27 ივნისი, 2013 • • 1230
დაკავება თუ დაკითხვა- თანამდებობის პირების და საგამოძიებო ორგანოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

“დღეს დილით, დაახლოებით 10 საათზე ავჭალაში, სახლიდან მივდიოდი სამსახურში ავტომობილით მეუღლესთან ერთად. სახლიდან 30–40 მეტრში გზაზე გადამიდგა მანქანა და იძულებული გავხდი გამეჩერებინა. მოვიდა რამდენიმე პირი, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი. დამადეს ხელბორკილი და გადამიყვანეს თავიანთ მანქანაში, დამატოვებინეს ავტომობილი და ცოლი. მათ ვეუბნებოდი, ის მაინც ეთქვათ, რა საქმეზე ვიყავი დაკავებული.  მითხრეს, მიგიყვანთ საგამოძიებო სამსახურში და ყველაფერს გეტყვითო. ამიყვანეს 507–ე ოთახში, უკანა შესასვლელიდან შემიყვანეს შენობაში. მისვამდნენ გაურკვევეველ კითხვებს, ძალიან ხომ არ ინერვიულეო. საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამთ. დაახლოებით 20 წუთი ვიყავი ბორკილებით, შემდეგ დამაწერინეს ხელწერილი, რომ გამოძახების შემთხვევაში მივიდოდი დაკითხვაზე”, – ასე იხსენებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი მიყვანის ფაქტს გლდანის რაიონის გამგებელი ნოდარ სუნდუხაძე. ის ასევე ამტკიცებს, რომ დაკავებისას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და გათიშეს.

 

იგივეს ამბობს თბილისის ვიცე–მერი დავით ავალიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

“10 საათიდან 11–ის ნახევრამდე შუალედში სახლიდან გამოვედი, ჩავჯექი სამსახურებრივ მანქანაში და მალევე გზაზე გადამიდგა ავტომობილი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე პირი მოვიდა ჩემთან, მანახეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საბუთი და მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი. ერთ ხელზე დამადეს ბორკილი, მეორე კი თვითონ მიიმაგრა ერთ–ერთმა ხელზე და ჩამსვეს თავიანთ მანქანაში. არაფერი არ უთქვამთ. ჩამომართვეს ტელეფონი და გათიშეს, მითხრეს, დაკავებული ხართ და ყველაფერს ადგილზე მოგახსენებთო. რომ მიმიყვანეს, მკითხეს დაბადების თარიღი, რას ვსაქმიანობ, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რას ვაკეთებდი და ა.შ. სხვა არაფერი არ უთქვამთ და ნახევარ საათში გამომიშვეს”, – ამბობს დავით ავალიანი.

 

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებასა და ხელბორკილების დადებას უარყოფენ საგამოძიებო სამსახურში.

 

“არცერთი მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ისინი დაიკითხნენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ეხება თბილისის ბიუჯეტიდან თანხის მითვისება–გაფლანგვას, საქმის ძიება მიმდიანრეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მიხედვით, უფრო მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში.

 

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ამ ფორმით ერთდორულად 20–ზე მეტი ადამიანის დასაკითხად წაყვანა და რატომ არ გაუგზავნეს მათ დასაკითხად უწყება, საგამოძიებო სამსახურში გვიპასუხეს:

 

“საგამოძიებო სამსახურს აქვს უფლება  პირს პირისპირ განუცხადოს, რომ ის დაკითხვაზეა დაბარებული, ამის გაკეთების რამდენიმე სამართლებრივი ფორმა არსებობს და საგამოძიებო სამსახურმა აირჩია ეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი