ახალი ამბები

საკრებულოს წარმომადგენლების საგამოძიებო უწყებაში დაბარებას სახალხო დამცველი სწავლობს

27 ივნისი, 2013 •
საკრებულოს წარმომადგენლების საგამოძიებო უწყებაში დაბარებას სახალხო დამცველი სწავლობს

“ჯერჯერობით, გარდა მედიით გაჟღერებულისა, მე მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენი წარმომადგენლები ყველა ამ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლიან და ამის შემდეგ გაკეთდება სპეციალური განცხადება. მანამდე მე, სამწუხაროდ, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება იმიტომ, რომ დეტალები ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 27 ივნისს დროებით დააკავეს, მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ მათი დაკავების საქმის გამოსაძიებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში პრესკონფერენცია გამართა.

 

“დღეს დილიდან მთელი თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლციია აწარმოებს პირდაპირ ნადირობას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მერიისა და გამგეობის თანამშრომლებზე. მე ვწუხვარ, რომ ამ ფრაზის გამოყენება მიწევს, რადგან რაც დღეს დილით მოხდა, სხვა ფრაზით ვერ დაახასიათებ.

 

ერთდროულად, სამსახურში მისვლამდე, მოხდა ჩვენი 30–მდე თანამშრომლის აყვანა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული მათგანის აყვანას დასჭირდა მინიმუმ 3 მანქანა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინანსური პოლიციის მთელი შემადგენლობა ჩართული იყო, რომ საკრებულოს წევრები, თბილისის მერის 2 მოადგილე, გამგებლები და გამგებლის მოადგილეები, ასევე, მერიის თანამშრომლები რომ დაეკავებინათ. ჩვენი ჩარევისა და სავარადუოდ იმის გამო, რომ დღეს თბილისში ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ამ ხალხისთვის ბრალის გადაკეთება და ვითომდა მოწმის სახით დაბარება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მისივე თქმით, ყველა ადამიანი დააკავეს კრიმინალივით, დაადეს ხელბორკილები, არცერთს არ განუმარტეს მისი უფლებები, მიიყვანეს ფინასნურ პოლიციაში და შემდეგ უკანა გასასვლელიდან გამოუშვეს.

 

“ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ბოლომდე მოხდეს ნაციონალური მოძრაობის დაშანტაჟება, პარტიული ინფრასტრუქტურის მოშლა, ამ ხალხის დაშინება. ჩვენ მოვითხოვთ ომბუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან მოხდა კანონის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

 

დღეს უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი შეიტანს საჩივარს პროკურატურაში, რომ მოხდეს გამოძიება და მე იმედი მაქვს, ეს გამოძიება არ გაგრძელდება საუკუნეები და მალე მივიღებთ პასუხს, რა მოხდა დღეს, 27 ივნისს, დილის 9 საათიდან 11 საათამდე”, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი დაკავებული არ იყო და ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

“როდესაც სამსახურში მივდიოდით, გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ უნდა წამობრძანდეთ ფინანსურ პოლიციაში, სხვა განამრტება არ მოუციათ, დანარჩენს ადგილზე გეტყვითო. მივედი, ჩამომართვეს ჩვენება და წამოვედი” – ასე იხსენებს საგამოძიებო სამსახურში მიყვანის ფაქტს თბილისის მერის მოადგილე დავით ავალიანი.

 

გლდანი–ნაძალდევის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ კი საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს: “ჩამომსვეს მანქანიდან და გადამიყვანეს ფინანსური პოლიციის მანქანაში. არანაირი განმარტება არ გაკეთებულა ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით. ფიიზკურად არანაირი საგამოძიებო მოქმედება, რამდენადაც ვერკვევი ამ საკითხში, არ ჩატარებულა. ერთადერთი ჩვენება მიმაცემინეს მოწმის სახით. გამოვეძახებინე და მოვიდოდი, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ჩემი ამ ფორმით აქ მოყვანის მიზეზი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი