ახალი ამბები

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, დაკავებულია 10 ადამიანი

27 ივნისი, 2013 •
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, დაკავებულია 10 ადამიანი

“თვითონ ეს შეხვედრა NAC–თან იყო კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ დააფიქსირა, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი საერთო პოლიტიკური ამოცანაა, მაგრამ განსაკუთრებით შემშფოთებელია, რომ როდესაც ასეთი შეხვედრა მიმდინარეობს და იმ დროს, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან და გენერალური მდივნისგან ვისმენთ მოწოდებას, რომ საქართველოში იყოს პლურალისტური დემორკატია და ოპოზიციის უფლებები დაცული იყოს, ამის პარალელურად ხდება მასობრივი დაკავება თბილისის საკრებულოს წევრების. ფაქტობრივად, ეს არის მთლიანი მოშლა თბილისის პარტიული ინფრასტრუქტურის. ეს დაკავება თავისი შინაარსიდან და მასშტაბიდან გამომდინარე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა პირდაპირი შეტევა ნაციონალურ მოძრაობაზე იმ მიზნით, რომ დანგრეული იქნას თბილისის პარტიული ორგანიზაცია.  წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციაზე ასეთი შეტევა არის უაღრესად ცუდი ნიშანი ქვეყნისთვის, თან მაშინ, როცა აქ იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი. ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საგანგაშო მიზანი და ველოდები, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა გადაწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით მივიღოთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტიელები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის, რაც ხდება, არის პირდაპირი შეტავა პარტიის ინფრასტრუქტურის მოშლის მიზნით”, – განაცხადა ბაქრაძემ და არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება “ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში”. მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, საუბრობს თუ არა იგი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტზე.

 

ბაქრაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ, ჯამში, დაკავებულია 10 ადამიანი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ლიდერშიპს წარმოადგენენ. მისივე თქმით, ადამიანები პირდაპირ ქუჩებიდან აიყვანეს.

 

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, გლდანი- ნაძალადევის რაიონის გამგებელი, საკრებულოს წევრი მამუკა გუგეშაშვილი  და კიდევ სხვა პირები არიან დაკავავებული, რომლებიც ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან.

 

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადბენ, მაღალჩინოსნების დაკავება სხვადასხვა ადგილიდან დღეს, 27 ივნისს, დილით მოხდა.  სხვა დეტალები საკრებულოს პრესსამსახურში არ იციან. 

 

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გააჩნიათ. 

 

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დღეს დილით დააკავებულთა შორის არიან თბილისის 2 ვიცემერი, თბილისის საკარებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს 5 წევრი, და ასევე, ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ლიდერი. მისი თქმით, ჯამში, 20 ადამიანია დაკავებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი