ახალი ამბები

მოსწავლეთა ჯგუფური ინტოქსიკაციის შედეგად ქუთაისში კვების ობიექტი დააჯარიმეს

6 ნოემბერი, 2017 • 2130
მოსწავლეთა ჯგუფური ინტოქსიკაციის შედეგად ქუთაისში კვების ობიექტი დააჯარიმეს

კვების ობიექტს ქუთაისში, სადაც სკოლის მოსწავლეები მასობრივად მოიწამლნენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სააგენტოს ცნობით, იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები”, – იუწყებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება:

“გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს”, – აცხადებს სააგენტო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი