“მე გუშინ ვნახე ეს კადრები და იმდენად დავიძაბე და ამაზრზენი იყო, რომ ცუდად იმოქმედა ჩემზე. ამაზე საუბარიც არ მინდა. ამ კადრებზე მე ადრე ვამბობდი, რომ ეს ალბათ საზოგადოებამ უნდა ნახოს–მეთქი, მაგრამ გუშინ, რომ ვნახე… მე შვილების მამა ვარ, მეუღლე მყავს და დედა. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ხალხმა ის ტრავმა მიიღოს ამ კადრების ნახვის შედეგად, რაც მე მივიღე”, – განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ ეს კადრები აუცილებლად უნდა ნახონ უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა.
“ეს უფლებადამცველები რომ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების სახით და ცხვირწინ რომ გვიტრიალებენ თავიანთ პლაკატებს, კეთილი ინებონ და ნახონ, რომ არ უნდათ ნახვა და არ აინტერესებთ. ნახონ, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები და თქვან სიმართლე, რაც ქვეყანაში ხდებოდა”, – განაცხადა მან. უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად გაეცნო იმ ზემოხსენებულ კადრებს. ოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტრომ ზემოხსენებული წამების ამსახველი მასალა დიპკორპუსს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას, ასევე, თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულ ჯგუფს გააცნო. გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეომასალა თან წაიღო სტრასბურგში დეპუტატმა თინა ხიდაშელმა, რათა ეს მასალები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვისაც ეჩვენებინა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად გაეცნო საგანელიძე აღნიშნულ კადრებს. “ნეტგაზეთის” კითხვას, აჩვენა თუ არა ეს კადრები შსს–მ საგანელიძეს ან სხვა დეპუტატებს, გიორგობიანი პასუხობს:
“მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ბატონ დათოს [საგანელიძე] უნდა კითხოთ”.
დავით საგანელიძემ გუშინდელ სატელევიზიო ეთერში არ დააკონკრეტა, თუ სად და რა ვითარებაში ნახა კადრები, უბრალოდ აღნიშნა, რომ მისი თანამდებობა – საპარლემენტო უმრავლესობის ლიდერობა აძლევს მას ამის საშუალებას, რომ სხვებზე ადრე ნახოს ამ ტიპის მასალები.