ახალი ამბები

რომელ პარტიას რამდენი წევრი ეყოლება ცესკოში მომდევნო არჩევნებისთვის

7 ნოემბერი, 2017 • 1706
რომელ პარტიას რამდენი წევრი ეყოლება ცესკოში მომდევნო არჩევნებისთვის

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების დანიშვნასა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესს ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საარჩევნო კომისიაში იმ პარტიებს ეყოლებათ წევრები, რომლებიც მოიპოვებენ საპარლამენტო მანდატს, ხოლო კომისიაში ამიერიდან შვიდის ნაცვლად ექვსი პარტიული წევრი იქნება. მთლიანობაში ცესკოს წევრების რაოდენობა 13-დან 12-მდე მცირდება და 12-დან 6 წევრი პარტიების მიერ იქნება დანიშნული.

მომდევნო არჩევნებისთვის ცესკოს კომისიაში დასანიშნი ექვსი პარტიული წევრიდან 3 მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეყოლება, ხოლო თითო-თითო წევრით იქნება წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი. აქამდე ქართულ ოცნებას კომისიაში ერთი წევრი ჰყავდა.

რა შეიცვალა საარჩევნო კოდექსში:

[red_box]ძველი რედაქციით, ცესკოში პარტიებისთვის გამოყოფილი 7 წევრი ივსებოდა შემდეგნაირად: თითო წევრს ის პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავდნენ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ დაფინანსებას.[/red_box]

ცვლილების მიხედვით, კომისიის პარტიული წევრების რაოდენობა 7-დან 6-მდე მცირდება, ხოლო მათ ის პარტიები დანიშნავენ, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, მიეკუთვნათ პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

[red_box]აქამდე, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიების რაოდენობა 7-ზე მეტი იყო, თითო წევრს 7 სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია ნიშნავდა, ხოლო თუ რამდენიმე პარტიას ჰქონდა თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას ენიჭებოდა. ასევე, თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რამდენიმე პარტია თანაბარად ფინანსდებოდა, უპირატესობა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ მყოფ პარტიას ენიჭებოდა.[/red_box]

ცვლილების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატების მომპოვებელი პარტიები ცესკოს წევრს (წევრებს) შემდეგი წესით დანიშნავენ: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 6-ზე გამრავლდება და გაიყოფა პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. ასევე, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა იქნება, რომელთა დანიშვნის უფლებაც ექნება პარტიას, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი; იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ფრაქციით და არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით ექნება მონაწილეობა მიღებული, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე გაიყოფა.

[red_box]საარჩევნო კოდექსის ძველი რედაქციით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, ის 7-მდე ივსებოდა არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებული პარტიამკომისიის წევრის დანიშვნაზე უარს აცხადებდა, ეს უფლება მეორეზე გადადიოდა და ა. შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსებოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარტიებს მათი შედეგების შესაბამისად უფლება ჰქონდათ, დამატებით დაენიშნათ კომისიის კიდევ თითო წევრი რაოდენობის 7-მდე შესავსებად.[/red_box]

ამიერიდან, თუ მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი ერთზე ნაკლები იქნება, პირველ რიგში, ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლებას მოიპოვებენ ასეთი პარტიები მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა თანამიმდევრობის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზაციისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პარტიებს, რომლებიც მოიპოვებენ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლებას, მიღებული ხმების რაოდენობის თანამიმდევრობის შესაბამისად ჩამოერთმევათ ცესკოს თითო წევრის დანიშვნის უფლება იმ პირობით, რომ მათ ცესკოში 1 ადგილი მაინც უნდა შეუნარჩუნდეთ (თუ იმ პარტიების რაოდენობა, რომლებიც მოიპოვებენ ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას, 6 ან 6-ზე მეტი იქნება, სხვა პარტიები ვერ დანიშნავენ ცესკოს წევრს).

[red_box]ძველი რედაქციით, პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისას ან სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან უფლებამოსილება უწყდებოდა პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს და კომისიის წევრთა რაოდენობა 7-მდე ივსებოდა მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის (პარტიების) წარმომადგენლით, ხოლო თუ ასეთი პარტია არ არსებობდა ან თუ ეს პარტია (პარტიებმა) უარს აცხადებდა (აცხადებდნენ) კომისიის წევრის დანიშვნაზე, ის 7-მდე ივსებოდა არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით.[/red_box]

ცვლილების მიხედვით, თუ დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის 6-მდე შესავსებად ხმათა თანამიმდევრობით მოიპოვებენ ის პარტიები, რომლებიც მოიპოვებენ პარლამენტის მანდატს. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას ასევე თანამიმდევრობით მოიპოვებენ დეპუტატის მანდატის მომპოვებელი პარტიები.

20 ივლისს საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებებს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა. საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც. როგორც სხვა შემთხვევებში, პრეზიდენტის ვეტო მმართველმა გუნდმა მალევე დაძლია და საბოლოოდ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი