ახალი ამბები

PACE-ში საქართველოს საკითხზე დებატები აღარ შედგება

24 ივნისი, 2013 • • 1048
PACE-ში საქართველოს საკითხზე დებატები აღარ შედგება

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეთავაზებული დღის წესრიგი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს თემაზე დებატების ჩატარებაც შედიოდა, კენჭისყრაზე გაიტანეს. მას მხარი 58-მა პარლამენტმარმა დაუჭირა, 73–მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო  რვამ თავი შეიკავა.

 

ამ საკითხს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კოალიცია “ქართული ოცნებიდან”:

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უარი უთხრა EPP-ს საქართველოზე დაბატებზე. არაფერი ხდება ისეთი საქართველოში, რაც ამგვარ აუცილებლობას ადასტურებს და მოითხოვს დებატებს ამ დარბაზშიო”, – ასე გამოეხმაურა  თინა ხიდაშელმა “ფეისბუქში” ამ გადაწყვეტილებას.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპელი დეპუტატების დიდმა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი დებატების გამართვას და საკითხი სახალხო პარტიას ჩაუვარდა. ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ის, რომ დებატების საკითხი ჩავარდა, არამედ ის, რომ ევროპელი დეპუტატების უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული”, – ამბობს ეკა ბესელია.

 

ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ზემოხსენებული დებატების ინიციატორი იყო, თავდაპირველად დისკუსიის გამართვას მოითხოვდა “საქართველოში გაუარესებული მდგომარეობის შესახებ”, თუმცა სესიამდე დისკუსიის სათაურმა კორექცია განიცადა და სხდომაზე დარეგისტრირდა როგორც “საქართველოში არსებული სიტუაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი