ახალი ამბები

“მოსალოდნელია ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეცვლა”

24 ივნისი, 2013 •
“მოსალოდნელია ზოგიერთ ქვეყანასთან  სავიზო რეჟიმის შეცვლა”

როგორც ჯალაღანიამ დღეს, 24 ივნისს “ნეტგაზეთის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ კუთხით მოსალოდნელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და ზოგიერთ ქვეყანასთან მოქმედი სავიზო რეჟიმის შეცვლა. ჯალაღანია ამბობს, რომ მომავალში ეს საკითხი, შესაძლოა, საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებსაც შეეხოთ. ამასთან ჯალაღანიას განცხადებით, მისთვის უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად საქართველოში მყოფ ზოგიერთ უცხოელ სტუდენტს ვიზების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ექმნება. იგი გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჯერ კიდევ ძველი კანონმდებლობა მოქმედებს, ფიქრობს, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ.

 

“ასე კონკრეტულად, უცხოელი სტუდენტების სპექტრით რაიმე გაუარესების შესახებ ჩემთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უცნობია. ზოგადად დააანონსებულია, რომ მთავრობა იხილავს საიმიგრაციო და ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების მოძრაობის, შემოსვლისა და გასვლის რეგულაციებს, რაც სამწუხაროდ, აქამდე საკმაოდ დამუშავებული და საერთაშორისო სტანდარტების ან და ქვეყნის ინტერესებდიან გამომდინარე ორგანიზებული არ იყო. ამდენად ეს საზოგადოდ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ჭრილში მოსალოდნელია როგორც ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ასევე ალბათ, ზოგიერთ ქვეყანასთან ან ქვეყნების ჯგუფთან სავიზო რეჟიმის შეცვლა. იმ მოქალაქეებს შორის, ვისაც ეს შეეხება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, მოხვდებიან სტუდენტები”.

 

ჯალაღანიას თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, რომ ამ სფეროში გაჩნდეს მეტი სიმწყობრე, სიცხადე და უფრო გარანტირებული იყოს “როგორც ჩვენი სტუმრების, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ყოფნა საქართველოში, ისე ქვეყნის ინტერესები უსაფრთხოების კუთხით იყოს უფრო მეტად დაცული”.

 

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი ნიგერიიდან, ამბობს, რომ მომავალ წელს მათ ვიზები აღარ უგრძელდებათ და ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი