ახალი ამბები

ღარიბაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა

21 ივნისი, 2013 •
ღარიბაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა

ამის შესახებ შს მინისტრმა გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა:  

 

“ბუნებრივია, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმართავდა ამ ყველაფერს, ვინ იყვნენ იდეოლოგები. იმ წლების განმავლობაში, რომელშიც ის ვიდეოჩანაწერებია გადაღებული, შს მინისტრი იყო სწორედ ვანო მერაბიშვილი, ადამიანი, რომელზეც დღეს შექმნეს მითი. სინამდვილეში ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანის ნების და მისი უშუალო თანხმობის მიცემის გარეშე ვინმე გაბედავდა მსგავსი არაადამიანური ქმედების განხორციელებას? ესაა აბსურდი და მიზანმიმართული კამპანია, რომ მერაბიშვილი როგორმე გაამართლონ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა”.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფარული ჩანაწერების ჩვენება იმიტომ გადაწყდა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რა ხდებოდა რეალურად: 

“ალბათ გახსოვთ კრიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მითია, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ადამიანებს აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე დაგვემტკიცებინა, თუმცა მას ამის დამტკიცება არც სჭირდება. ეს გავაკეთეთ თქვენთვის, კრიტიკოსებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რა თქმა უნდა. მიზანი მარტივია, ჩვენ გვესმის გაუგებარი კრიტიკა და ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად შერაცხეს, თითქოს ისაა პოლიტიკური დევნილი, წამებული.”

 

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 4 კასრი აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ისევ სამეგრელოში იქნა ნაპოვნი, თუმცა, მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა: “აქ არის დოკუმენტები და ვიდეომასალები. დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი