ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

31 ოქტომბერი, 2017 • 1713
“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ არ ჩაერთვებიან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობისგან მათ მკაფიოდ მოისმინეს, რომ კომისიის მუშაობას კონსტიტუციაში შინაარსობრივი ცვლილება  არ მოჰყვება და ამ კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანი წინასწარ დაანონსებული ოთხი შესწორებაა (ბონუსის სისტემის გაუქმება, ბლოკების ერთჯერადად დატოვება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერისა და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების შესახებ ჩანაწერის დაზუსტება). ბაქრაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა.

“ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ისაუბრა კიდევ რამდნეიმე მიზეზის შესახებ, თუ რატომ არ ჩერთვებიან კომისიის მუშაობაში. მათ შორის არის ის, რომ წარმოდგენილი ოთხი ცვლილება პოზიტიური ხასიათისაა, მაგრამ,ეს არის “ქართული ოცნების” მიერ გაფუჭებულის გამოსწორება:

“საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური შეზღუდვა . ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ დღეს ქართული ოცნება საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად გამოდგება კონსენსუსის პოლიტიკური შეთანხმების საფუძვლად, ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის მთავარი ელემენტი, რომელსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება. ეს გახლავთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მთლიაანდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მიზეზებს შორის ბაქრაძემ დაასახელა ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” შიდა მოლაპარაკების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ ხალხისთვის არც უკითხავს, ასევე ის, რომ ერთპარტიულმა კონსტიტუციამ “ვერ გაუძლო დროის გამოცდას”.

“თუ უმრავლესობისგან დაქართული ოცნებისგანიქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ


საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტი, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი