ახალი ამბები

აბუსერიძე: ბოროტი ძალები მანიპულირებენ, მორაგბეების წერილი კაშიას არ უკავშირდება

30 ოქტომბერი, 2017 • 3469
აბუსერიძე: ბოროტი ძალები მანიპულირებენ, მორაგბეების წერილი კაშიას არ უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მორაგბეთა ეროოვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ მორაგბეების ჰომოფობიურ წერილზე ხელი 2013 წლის 17 მაისს მოაწერა, ხოლო დღეს ბოროტი ძალები ცდილობენ ეს თემა გურამ კაშიას ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ სამკლაურს დაუკავშირონ, რაც ცუდი მანიპულაციაა.

“მაშინაც და ახლაც ვიწინააღმდეგებით ასეთ პროპაგანდას და აქციებს. დღეს კონსტიტუციაში გვიწერია ქალის და მამაკაცის ქორწინება. უბრალოდ, მეც და იმ ბიჭებსაც არ უნდოდათ, რომ ამის პროპაგანდა და აქციები ჩატარებულიყო. მაგას უკავშირდებოდა ეს წერილი, რომელიც დაწერილია 2013 წლის 17 მაისს, თუ არ ვცდები; პირველი აქცია რომ უნდა გამართლიყო, იმ დროის წერილია და ახლა ვიღაცები მანიპულირებენ და მიაბეს რაღაც სხვა თემებს. გურამ კაშიას სამკლაური მაგასთან არაფერ შუაშია,” – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი.

ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, რათა ყველას უფლება იყოს დაცული, მაგრამ თვითონ “პროპაგანდას” არ ეთანხმება.

“პირდაპირ გეუბნებით, დღესაც არ ვეთანხმები იმიტომ, რომ არ მინდა ჩემმა შვილებმა, ასევე, ალბათ, თქვენც გყავთ შვილები და თუ არ გყავთ, გეყოლებათ, ნახონ, რომ… არ ვეთანხმები, პირდაპირ გეუბნებით. დანარჩენი – ყველას უფლება დაცულია, ყველას შეუძლია თავის კუთხეში გააკეთოს ის, რაც უნდა… არავინ შეზღუდული არ არის. ასევე, კიდევ მინდა განგიმარტოთ, მადლობა ღმერთს, შიშის ფაქტორი მოკვდა და მოისპო; ყველას აქვს უფლება, მიუხედავად განსხავებული აზრისა, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

დანარჩენი – პროპაგანდას არც მაშინ და არც ახლა არ ვეთანხმები. ამასთან დაკავშირებით იყო ზუსტად ის წერილი და გარკვევით მინდა ვთქვა, რომ ბოროტი ძალები ახლა მაგით მანიპულირებენ. დანარჩენი, ყველას- მეც ჩემს კუთხეში, თქვენც თქვენს კუთხეში – ყველას გაგვიმარჯოს. რაც გვინდა, ვაკეთოთ. უბრალოდ, ჩვენი მომავალი თაობისთვის არ არის კარგი, მე ასე მიმაჩნია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ყოფილმა მორაგბემ და მოქმედმა დეპუტატმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი