მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და World Rugby-ს ერთობლივი გამოძიების შედეგად, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და დამხმარე პერსონალის ერთ წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა (ADRV) დაუდასტურდა. გარდა ამისა, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მრავალჯერადი დარღვევის გამო, WADA-მ ნდობა დაკარგა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს (GADA) მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია WADA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

WADA-ს განცხადების თანახმად, 2023 წელს დაწყებულმა ოპერაცია „ობსიდიანმა“  შეისწავლა ბრალდებები, რომლის მიხედვითაც სპორტსმენები წესების უხეში დარღვევით ახდენდნენ სინჯების (ნიმუშების) ჩანაცვლებას. სინჯის ჩანაცვლება აკრძალული მეთოდია და კოდექსის 2.2 მუხლით იკრძალება.

“დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს სინჯის ჩანაცვლების ხუთ შემთხვევას. ასევე დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშეებს ტესტირების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ. გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები სათანადოდ არ მეთვალყურეობდნენ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების აშკარა შეუსაბამობაა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა: „ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და ეს დიდ დარტყმას მიაყენებს როგორც ქართულ სპორტს და მთავრობას, ისე რაგბის სამყაროს გლობალურად. მინდა მადლობა გადავუხადო WADA-ს დამოუკიდებელ საგამოძიებო გუნდს ამ ოპერაციის პროფესიონალურად და შეუპოვრად ჩატარებისთვის. ასევე მივესალმები World Rugby-ს მზაობას, ეთანამშრომლა WADA-სთან ფაქტების გამოსავლენად.

ეს არ არის ისტორიის დასასრული, რადგან ახლა უფრო ღრმა გამოძიება მიმდინარეობს ქართულ სპორტში. WADA-მ ოპერაცია „ობსიდიანის“ შედეგები საქართველოს მთავრობას წარუდგინა, რათა მათ რეაგირება მოახდინონ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში არსებულ პრობლემებზე. აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს პროგრამის მიმართ და შესაბამისმა უწყებებმა ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელონ“.

ამავე განცხადების თანახმად, ოპერაცია „ობსიდიანმა“ თავისი დასკვნები WADA-ს შესაბამისობის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა. საქართველოში ანტიდოპინგური პროგრამის კეთილსინდისიერების წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, ჯგუფმა შესაძლოა განიხილოს GADA-ს წინააღმდეგ დაჩქარებული სანქციების პროცედურა.

WADA-ს საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორმა, გიუნტერ იანგერმა აღნიშნა: „ოპერაცია „ობსიდიანი“ ხაზს უსვამს სინჯების ჩანაცვლების შემთხვევების სირთულეს სამართლებრივი, საგამოძიებო და სამეცნიერო თვალსაზრისით. World Rugby-ს ნიმუშების გრძელვადიანი შენახვის პროგრამამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გამოძიების პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიმუშების დროთა განმავლობაში შენახვის კრიტიკულ მნიშვნელობას“.

განცხადების მიხედვით, გამოძიების ფარგლებში, WADA-მ საქართველოში სხვა სახეობის სპორტსმენების სინჯების გადამოწმებაც დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს მათი ბიოლოგიური პასპორტების ექსპერტიზა. თუ რომელიმე ნიმუში საეჭვოდ მიიჩნევა, ოპერაცია „ობსიდიანი“ აცნობებს შესაბამის ორგანიზაციებს და დაეხმარება მათ დნმ-ის ანალიზისა და შედარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსგავსი ოპერაცია („ოპერაცია ისარი“) ჩატარდა ძალოსნობაში, სადაც შარდის ჩანაცვლების გამოვლენის ახალი მეთოდი დაინერგა.