ახალი ამბები

ნაცმოძრაობა საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს წამების ამსახველ მასალებზე

20 ივნისი, 2013 • • 1060
ნაცმოძრაობა საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს წამების ამსახველ მასალებზე
“19 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე წარდგენილ იქნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი მასალები. დაკავებულნი არიან ძალოვანი უწყებების როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები. ჩვენ ვთვლით, რომ საქმე გვაქვს იმდენად მძიმე დანაშაულთან, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას – ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა, გეგმავდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და ავრცელებდა ამის ამსახველ მასალას, უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საჭიროდ თვლის, შეიქმნას საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს გამჭვირვალედ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს. საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიყენონ ამ აღმაშფოთებელი ფაქტების გამოძიების პროცესი და მისი მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები არა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად, არამედ რეალური დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად.

 

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წარსულში ადგილი ჰქონდა ციხეში პატიმართა წამებაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, ვლადიმერ ბედუკაძის პოლიტიკური მოტივებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან მთლიანად გათავისუფლებას. ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზებით, პატიმართა წამებაში მონაწილე სხვადასხვა პირმა, მათ შორის, ბორის ფარულავამ (მეტსახელად ბუბუ) და სხვებმა უკვე დატოვეს საპატიმროები. იგივე საქმეში მონაწილე კიდევ ხუთ პირს მიესაჯა არაადეკვატურად რბილი სასჯელი.

 

ამასთან, სხვადასხვა სახის უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ გამოძიება დაუსაბუთებელ ლმობიერებას იჩენს, თუკი ეს პირები მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების წევრები, ხელმძღვანელები ან მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები არიან. ამის მაგალითია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძისთვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის მოთხოვნა. ის მოხელეები კი, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით დაშანტაჟებაში მონაწილეობდნენ, ჯერაც დაუსჯელნი არიან.

 

მძიმე დანაშაულის გამოვლენისა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისათვის მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ – პოლიტიკურ ფაქტორებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნით შეძლებს თავიდან აიცილოს პოლიტიკური მიკერძოება და დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას”, – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი