“ბრალდება არ შეცვლილა. ეს არის მორიგი ტყუილი და საზოგდოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. ჩვენ ბრალდება, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლია, გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ტერაქტი ამ ნიადაგზე, ჩვენ შევედით და აღნიშნული პირები დავაკავეთ. გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი გარემოებები გამოიკვეთოს. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას, ნუ ჩქარობს ნაციონალური მოძრაობა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომ საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება მოხდეს”, – განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, შსს–მ საქართველოში აღკვეთილი ტერაქტის შესახებ განცხადება 13 ივნისს გაავრცელა:
“საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს, გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები- მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების – ხელშემწყობებისა და მფარველების – გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე, საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს–მ გაავრცელა.
15 ივნისს კადიევსა და ომაროვს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა, სასამართლოს მტკიცებით, არა ტერორიზმის ბრალდებით, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვის ბრალდებით:
“თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკამაყოფილა ბრალდებულების მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვისათვის და არა, როგორც მედიასაშუალებებში იქნა გავრცელებული, ტერორისტული აქტის მცდელობისათვის.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდბულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 3 წლამდე ვადით, მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად, მათ გააჩნიათ კავშირები საზღვარგარეთ, არ აქვთ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ჩხრეკვისას ამოღებული იქნა კადიევის სახელზე გაცემული სავარაუდოდ ყალბი პასპორტი, ამდენად, არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე”, –განაცხადა სპიკერმოსამართლემ.