ახალი ამბები

ღარიბაშვილი: როდესაც სისტემურ პრობლემაზეა საუბარი, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის ჩემს წინამორბედზე

19 ივნისი, 2013 • • 1009
ღარიბაშვილი: როდესაც სისტემურ პრობლემაზეა საუბარი, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის ჩემს წინამორბედზე

როგორც მინისტრმა დღეს, 19 ივნისს, “კურიერის” ეთერში განაცხადა, როდესაც სისტემურ პრობლემაზე მიმდინარეობს საუბარი, რა თქმა უნდა, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის მის წინამორბედზე.

 

 “ეს კადრები გადაღებული არის 2011 წელს. მაშინ მერაბიშილი იყო [შს] მინისტრი. აქ არის საუბრი ორ ეპიზოდზე. ეს არის საშინელი კადრები, შედარება გავაკეთეთ ციხის კადრებთან და ციხის კადრები აბსოლუტურად, ძალიან მსუბუქი ვარიანტია, ეს არის უმძიმესი კადრები და ნათელი დადასტურება, თუ როგორ ებრძოდა ადამიანს ყოფილი ხელისუფლება”.

 

გამოძების დაწყების მიზანი ემსახურება შემდეგს, რომ ჩვენ გავარკვიოთ, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო ლოკალური ხასიათის დანაშაული, ჩადენილი კონკრეტულ რეგიონში, ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს იყო კარგად შემუშავებული მეთოდები, რითაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელმძღვანელებდნენ. მე ვგულისხმობ შსს–ს. ზოგადად, როდესაც სისტემურ პრობლემაზე მიმდინარეობს საუბარი, რა თქმა უნდა, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის თუნდაც ჩემს წინამორბედზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი 2011 წელს. შესაბამისად, გამოძიებას რომ გაუჩნდეს ეს კითხვები, მე მგონი, ლოგიკურია”, – განაცხადა მინისტრმა.

 

როგორც ცნობილია, შსს–მ აღმოჩენილი მასალების ნაწილი დღეს დიპკორპუსს გააცნო, ხოლო ხვალ არასამთავრობო სექტორსა და მედიას უჩვენებს. მინისტრი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია: საქმის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება.


“მიზეზი არის მარტივი: ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას ობიექტური სიმართლე და არა ისეთი, როგორსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ავრცელებდნენ. ჩვენ დღეების განმავლობაში ვისმენდით ძალიან გაუგებარ ტყუილებს და უსუსურ ბრალდებებს. ჯერ მოვისმინეთ, რომ თითქოს კასრები ჩვენი ჩამარხული იყო, შემდეგ თქვეს, რომ ეს იყოს რეგისტრირებული იარაღი თავდაცვის სამინისტროსი ან ჩვენი, შსს–სი. ეს არის აბსურდული, სასაცილო ბრალდება. ჩვენ მხოლოდ რეგისტრირებული იარაღი გვაქვს და არა შავი იარაღი. საერთაშორისო საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ყოფილი ხელისუფლების შესახებ. მათ ძალიან კარგად იციან, მაგრამ, მე მგონი, ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. რა დავალებებს აძლევდნენ ხელმძღვანელები, მე ვგულისხმობ ჩემს წინამორბედს. მე ხვალ ვგეგმავ ანალოგიური შეხვედრის გამართვას არასამთავრობოებისთვის  და ასევე მედიის წარმომადგნლებისთვის. მიზანი არის, რომ პროცესის წარმთართვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს”, – განაცხადა მან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი