ახალი ამბები

პეტრიაშვილი: ვერაფერი აღუდგება წინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას

19 ივნისი, 2013 • • 981
პეტრიაშვილი: ვერაფერი აღუდგება წინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას

როგორც სახელმწიფო მინისტრი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შემდგომაც არის დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი, მაღალ დონეზე ჩატარდება და ეს ფაქტი ზემოხსენებული შეთანხმების პარაფირების პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

“თუ რაღაცა არაორდინარული და განსაკუთრებული არ მოხდა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და საპრეზიდენტო არჩევნებიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაივლის, ვიდრე საპარლამენტო, მე მგონია, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ეს პროცესები ხელს იმას, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული საქართველოსთვის. ვგულისხმობ იმას, რომ მოხდეს პარაფირება ასოცირების შეთანხმების საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ასოცირების შეთანხმების ნაწილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული პროგრესი არის უკვე მიღწეული ამ მოლაპრაკებებში. სერიოზული განწყობა და ნება არის გამოხატული ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობიდან, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირება მოახდინოს ევროკავშირთან”, – ამბობს იგი.

რაც შეეხება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს, მინისტრის განცხადებით, არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ორფაზიანია:

“პირველი ფაზა მოიცავს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას და შემდგომ უნდა მოხდეს შეფასება ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ განხორციელდა ჰარმონიზაცია და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რა გაკეთდა ამისთვის და ასე შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ ამასაც ვილნიუსის სამიტამდე განვახორციელებთ და შემდეგ გადავალთ მეორე ფაზაზე. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, შემდგომ ამას კვლავ სჭირდება დაკვირვება და შეფასება ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ერთი დღის, კვირის ან თვის ამბავი. ეს არის პროცესი, რომლის წინსვლა დამოკიდებულია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე, დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლებაზე და ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელების ხარისხსა და სისწრაფეზე”.


როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელსაც ევროპარლამენტარებმა ევროპის სახალხო პარტიიდან კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს ექს–მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. კითხვას, უფრო გამძაფრდება თუ არა ვილნიუსის სამიტის ჩატარების თარიღის მოახლოების პარალელურად ევროპელი დეპუტატების რეაქციები საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და რა პრობლემები შეიძლება ამან შექმნას, პეტრიაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

“მეტი რაღა უნდა გამძაფრდეს, მაგრამ რეალურად ვერაფერი აღუდგება წინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. მინდა გითხრათ, რომ პარაფირება არ არის საბოლო წერტილი ამ შეთანხმების ამოქმედების პროცესში. ამას უნდა მოჰყვეს ხელმოწერა, რომელსაც შემდგომ უნდა მოჰყვეს პარლამენტების მხრიდან რატიფიცირება. ეს არის სულ მცირე 2–3-წლიანი პროცესი. ხორვატიის ჩათვლით 28 ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი. შემდეგ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის 2 და 3 ენაზე თარგმნა [წევრი ქვეყნების], პარლამენტებში დარიგება, კომიტეტბში ხელმოწერა და მერე რატიფიცირების საკითხის განხილვა. ეს ძალიან სერიოზული და შრომატევადი ბიუროკრატიული სამუშაოა სამართლებრივი გაშალაშინების თვალსაზრისით. ამიტომ ამ ეტაპზე პარიფირების საფრთხეს მე ვერ ვხედავ, რაც არ უნდა მწვავე იყოს განცხადებები და მომავალშიც დარწუნებული ვარ, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის პროცესები კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართება.


ევროპის სახალხო პარტიაში სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ საქართველოს ევროპასა და ნატოში გაწევრიანების პროცესები შეუქცევადია. მეორეც, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდნენ დ იხილონ ადგილზე, რომ აქ არ აქვს ადგილი შერჩევით სამართალს. შესაბამისად, არ არის ერთგვაროვანი ევროპის სახალხო პარტიის პოზიციაც ამასთან დაკავშირებით. დღეს ნაადრევია საუბარი, რომ ვინმე შეძლებს წინ აღუდგეს ასოცირების შეთანხმების საკითხში ბოლო წერტილის დასმას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომები და უნდა ვიაროთ წინ რეფორმების განხორციელების გზით”.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სამეზობლო პროექტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი ვილნიუსში 2013 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი