ახალი ამბები

გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას

26 ოქტომბერი, 2017 • 3216
გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას

საქართველოს ერეოვნული ნაკრების წევრი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია მის წინააღმდეგ წარმოებული ჰომოფობიური კამპანიის საპასუხოდ გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. ჰოლანდიის ერედივიზიონის მატჩში ქართველი ფეხბურთელი გუნდს ლგბტ სამკლაურით გაუძღვა, როგორც სხვა კლუბის ფეხბურთელები, რითიც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ამას არ ნანობს.

ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. ამის საპასუხოდ სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მომხრეებმა, მოქმედმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მისი მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს.

“ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ,” – წერს გურამ კაშია.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

თბილისის ახლად არჩეული მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი და განაცხადა, რომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა გურამ კაშიას ნაბიჯს და მიაჩნია თუ არა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, კალაძემ ასე უპასუხა:

“მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები”, -განაცხადა კახი კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი