ახალი ამბები

გია ვოლსკი: ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ეს ჰგავს

17 ივნისი, 2013 •
გია ვოლსკი: ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ეს ჰგავს

“სამწუხაროდ, აქტუალური თემების ჩამონათვალს დაემატა ერთ–ერთი არასასიამოვნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმოჩენილია სამალავები. გამოძიება მიმდინარეობს. მე პოლიტიკური შეფასებისაგან თავს შევიკავებ, სანამ გამოძიება რაღაც კონკრეტულ დეტალებზე არ დაკონკრეტდება, მაგრამ მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ იყო ასეთი ინფორმაცია ადრეც, არჩევნების წინაც იყო ამაზე საუბარი. საერთოდ, ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ეს ჰგავს… გავლენა ადამიანებზე, არაკონსტიტუციური მეთოდების გამოყენება – ეს სამწუხარო ფაქტები გვქონდა, ასე რომ, ახალი ამაში არაფერია. უბრალოდ, ერთი ფაქტი კიდევ დაემტა იმას, რაც ბევრი იყო”, – განაცხადა მან.


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები.

 

“სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, კამუფლიაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომნასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად საჭირო დიდი ოდებობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატები და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბოტექსი და სხვა. ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიცციურად განწყობილი პირების ფოტოებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.

 

შინაგან სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული სამალავის დროულად აღმოჩენისა და განეიტრალებით აცილებული იქნა ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. სამართალდამცავი უწყება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი ვინმეს ბრალდებისა და დაკავების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი