როგორც გაბაშვილმა პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ყველაფერი ერთ საერთო ხაზს გავს, რომელიც თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარით იწყება.
“მე ეგეთი იუმორისტული მოთხრობები მაქვს წაკითხული. მე არ ვიცი, აღმოაჩინეს [კომპრომატები] თუ ჩადეს. ეს ჰგავს რაღაც გრძელ ხაზს, დაწყებულს იმ თალიბების სახელით გავრცელებული ჯიჰადიდან, რომელიც აშკარად თბილისშია გაკეთებული. რაღაც მზადდება, რომელსაც იდეოლოგიური ჩანაფიქრი აქვს. დღეს კომპრომატები კასრში ეწყო, შეიძლება მალე საქათმეშიც აღმოჩნდეს შემომჯდარი ინფორმატორი… აქამდე არ გამიგია, რომ ვინმე კასრებში ინახავს წამების კასეტებს”, – განაცხადა მან.
გაბაშვილის თქმით, შსს–ს განცხადებაში მას აეჭვებს ის ფაქტი, რომ ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის და ამ ყველაფერს უკვე “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებენ. მისი განცხადებით, ეს მოტივირებულ ბრალდებას ჰგავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები.
“სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, კამუფლიაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომნასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად საჭირო დიდი ოდებობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატები და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბოტექსი და სხვა. ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
შინაგან სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული სამალავის დროულად აღმოჩენისა და განეიტრალებით აცილებული იქნა ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. სამართალდამცავი უწყება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. ჯერეჯრობით, არაფერია ცნობილი ვინმეს ბრალდებისა და დაკავების შესახებ.