ახალი ამბები

ვაშაძე: კასრში შენახული დასაჭერი ადამიანების სია? კასრში რატომ შეინახეს და არა ბოთლში?

17 ივნისი, 2013 •
ვაშაძე: კასრში შენახული დასაჭერი ადამიანების სია?  კასრში რატომ შეინახეს და არა ბოთლში?

როგორც მან დღეს, 17 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, შსს–ს მოქმედებების სანდოობა ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

 

 

“საერთოდ ძალიან საინტერესოა, რითია შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული. რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ ტერორისტები დააკავეს, მიიყვანეს სასამართლოში და ტერორიზმის მუხლი იქ არ არის მათ წინააღმდეგ გამოყენებული, იქ არის იარაღის უკანონო შენახვა. ახლა კიდევ რაღაც დაგვიანონსეს, ვნახავთ, რა გაირკვევა. ჩემი აზრით, შსს–ს მოქმედებების სანდოობა ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას. კასრში შენახული დასაჭერი ადამიანების სია? და კასრში რატომ შეინახეს და არა, ვთქვათ, ბოთლში?”, – განაცხადა მან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომატირებელი მასალები.

 

“სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების 
უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, კამუფლიაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომნასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად საჭირო დიდი ოდებობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატები და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბოტექსი და სხვა. ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიცციურად განწყობილი პირების ფოტოებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

 

შსს–ს ინფორმაციით, სამალავში საბრძოლო მასალის გარდა აღმოჩენილია სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.

 

შინაგან სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული სამალავის დროულად აღმოჩენისა და განეიტრალებით აცილებული იქნა ქვეყნისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. სამართალდამცავი უწყება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. ჯერეჯრობით, არაფერია ცნობილი ვინმეს ბრალდებისა და დაკავების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი