უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენების შინაარსი ვერ დაედება საფუძვლად მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების საქმეს.
კუბლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის შინაარსის გამო ამ უკანსკნელის წინააღმდე დისციპლინარული დევნის დაწყება დაუშვებელი და არაკონსტიტუციურია, ასეთი რამ მხოლოდ მე–19 საუკუნეში ხდებოდა და ეს 21–ე საუკუნეში აღარ განმეორდება. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს.
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრი მოსამართლეთა X კონფერნეციაზე დღეს აირჩიეს: მერაბ ჯორბენაძის კანდიდატურას (თბილისის საქალაქო სასამართლო), რომელიც მოსამართლედ 2006 წლიდან მუშაობს, არჩევნებზე მხარი 164 მოსამართლემ დაუჭირა, ნათია ქუთათელაძემ (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო)153 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი ტყავაძემ (მცხეთის რაიონული სასამართლო) ყველაზე მეტი – 166. სადისციპლინო კოლეგია სულ ხუთი წევრისაგან შედგება, დარჩენილ ორ არამოსამართლე წევრს პარლამენტი შეარჩევს.
კოტე კუბლაშვილი განმარტავს, რომ სადისციპლინო კოლეგია მუშაობას იწყებს მაშინ, როდესაც მას გადაეცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საქმე კონკრეტული მოსამართლის მიმართ სადისციპლინო პასუხისმგებლობის დაწყების შესახებ.
“სადისციპლინო კოლეგია თავისი ინიციატივით არაფერს აკეთებს. იგი მოქმედებს მაშინ, როდესაც საქმე გადაეცმა და მან იცის კანონის მიხედვით, რა და როგორ გააკეთოს, რა დარღვევაზე რა დისციპლინარული სახდელი შეუფარდოს”.
დისციპლინურ სახდელში, რომელსაც კუბლაშვილი ახსენებს, იგულისხმება შენიშვნა და საყვედური, რომლის ბოლო დონე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.
“მეორე საკითხია საფუძველი, ანუ რა შეიძლება დაედოს ამას საფუძვლად. ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რომ ერთადერთი მხოლოდ მოსამართლის არაეთიკური საქციელი შეიძლება დაედოს საფუძვლად მოსამართლის მიმართ სადისციპლინო წარმოების დაწყებას. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსის საფუძვლად დადება, ეს არ არის მე–19 საუკუნე და ეს აღარ მოხდება არავითარ შემთხვევაში”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ კოლეგია მხოლოდ შეისწავლის მოსამართლეების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარვევას, მაგალითად: მოსამართლის ალკოჰოლურ პრობლემებს სასამართლო დარბაზში და სხვა. იგი იხსენებს, რომ ბოლო საქმეები, რომელიც სადისციპლინო კოლეგიამ უკანსკნელ წლებში განიხილა, სწორედ ეთიკის ნორმების საკითხს უკავშირდებოდა”.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც კანონპროექტი უკვე მომზადებულია. აღნიშნული იდეა კითხვების შემთხვევაში მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენების გადახედვას ითვალისწინებს. კუბლაშვილი, ისევე როგორც სხვა მოსამართლეები, მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კომისიის მიერ მიღებული დასკვნების საფუძველზე არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ არ უნდა დაიწყოს არც სამართლებრივი და არც დისციპლინარული დევნა.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე, რომელიც დღეს აირჩიეს სადისციპლინო კოლეგიის წევრად, ვერ ხვდება, როგორ შეიძლება კანონში ჩაიწეროს ძველი საქმეების გადახედვის კონტექსტში რომელიმე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც კონსტიტუციის 42–ე მუხლი ამბობს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს უკუქცევითი ძალა არ აქვს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ამ კოლეგიის საქმიანობა, რათა ამ კოლეგიის მეშვეობით არ მოხდეს მოსამართლეთა უსაფუძველო დევნა და ამით მათ საქმეებში ჩარევა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კანონის დაცვა. კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა და ნებისმიერი ნორმა, რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, მხოლოდ სამომავლო ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახამდ უკუქცევითი ძალა არ აქვს. მე ვერც ვხვდები, როგორ უნდა ჩაწერონ კანონში ისე, რომ ძველ ურთიერთობებზეც გავრცელდეს ახალი კანონი. პარლამენტის კომპეტენციაა, რა კანონს მიიღებს სამომავალო ურთიერთობებზე, მაგრამ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ უკუქცევითი ძალა მიეცეს”.
მართლმასჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ დევნის დაწყების საკითხს მხარს არც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჭერს, თუმცა საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სადისციპლინო კოლეგია მხოლოდ ეთიკის საკითხების განხილვით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგან კანონი სხვა საკითხებსაც განმარტავს, რაზეც შესაძლოა, კოლეგიამ იმსჯელოს, მათ შორის არის სასამართლო პროცედურების გაჭიანურება და მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა.
მოსამართლეები, რომლებიც დღევანდელ კონფერენციას ესწრებოდნენ, სადისციპლინო კოლეგიაში არჩეულ სამ მოსამართლეს, ტყავაძეს, ჯორბენაძეს და ქუთათელაძეს პროფესიონალებად ახასიათებენ. ამავე აზრზეა 4 ივნისს დაფუძნებული ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე. აღნიშნულ ასოციაციას 9 ივნისს გამართულ კონფერენციაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 ახალი წევრი აირჩიეს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. გუჯაბიძე იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული კოლეგიის წევრები თავიანთ მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ.
“დღევანდელმა დღემ ჩაიარა ნორმალურად, განსხვავებით წინა სხდომისაგან. დღეს შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ნიშანდობლივია ერთი გარემოება, ფაქტობრივად, არც ერთ დღეს გამართულ არჩევნებში, ვგულისხმობ ადმინისტრაციული კომიტეტის და სადისციპლინო კოლეგიის არჩევნებს, სამოქალაქო სამართლის მოსამართლე არ მოხვდა. პრობლემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაშინ, როდესაც შეიძლება სამოქალაქო სპეციალიზაციის მოსამართლის საკითხი იხილიბოდეს [კოლეგიაზე], ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგის სპეციალისტი იღებდეს პროცესში მონაწილეობას”, – ამბობს იგი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი გია გვილავა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას ესწრებოდა, აცხადებს, რომ დღეს ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. მისი შეფასებით, მოსამართლეებმა არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარეს.
“მოსამართლეებმა გააკეთეს თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში. ამ კუთხით შენიშვნები არ გვაქვს. ისევ როგორც წინა შემთხვევაში, დღესაც იყო ისეთი ფაქტი, როდესაც მოსამართლეებმა ყველამ ერთად მოხსნეს კანდიდატურები და მხოლოდ ერთი დატოვეს, მაგალითად, საბჭოს მდივნის არჩევნებზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ზეწოლა იყო”.
იგი აცხადებს, რომ ერთ–ერთი მოსამართლე გიორგი ტყავაძე, რომელიც დღეს სადისციპლინო კომიტეტის წევრი გახდა, 2011 წლის 26 მაისის საქმეებს იხილავდა:
“კანდიდატებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ყველას არ ვიცნობ, ერთი კანდიდატი, რომელიც არის ტყავაძე, 26 მაისის საქმეს იხილავდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეგ ის მოსამართლეა. გამხაურებული საქმე ეს არის, რაც ამ ადამიანს უკავშირდება. ამ ადამიანზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს და მე თავს შევიკავებ შეფასებისგან ”.
თვითონ გიორგი ტყავაძე ამ საკითხზე კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებს:
“ვერ ვხვდები, რა იგულისხმება ამაში, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ კომენტარს. აქ კონკრეტულ გვარებზეა საქმე იმიტომ, რომ 26 მაისს შეიძლება უამრავი საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც მე მაშინ ვმუშაბდი და ვერ გეტყვით, რა კონტექსტში და რომელი კონკრეტული საქმის მიმართ არის პრეტენზია. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება მოსამართლესთან კითხვების დასმა და ამასთან დაკავშირებით პასუხის მიღება”, – ამბობს იგი.
კოტე კუბლაშვილი კი, რომელიც აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციით ძალიან კმაყოფილია, ამბობს: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც 9 და 16 ივნისს გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა თანამდებობაზე აირჩიეს, მოსამართლეთა არჩევანია.
“აქ არავინ ჩარეულა, თავად მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მათ თქვეს, რომ სწორედ ეს კოლეგები გვინდა იყვნენ წევრები”.