მოსამართლეთა არჩევნებში, რომელიც სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა, მონაწილეობას კიდევ ორი კანდიდატი: მურთაზ კაპანაძე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლო) და გიორგი სულაკაძეც (თბილისის საქალაქო სასამართლო) იღებდნენ, თუმცა მათ ხმათა 2/3 ვერ მიიღეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 217–მა მოსამართლემ მიიღო.
ეს კანდიდატურები დღეს, 16 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მიმდინარე მოსამართლეთა რიგით მეათე კონფერენციაზე დასახელდნენ. მოსამართლეებმა დღეს სადისციპლინო კოლეგიის მხოლოდ 3 წევრი აირჩიეს ფარული კენჭისყრით, კონფერენციაზე დამსწრე წევრთა 2/3–ის უმრავლესობით. სულ აღნიშნული კოლეგია 5 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 2 არამოსამართლე წევრს საქართველოს პარლამენტი აირჩევს. აღნიშნული კოლეგიის წევრები 2 წლის ვადით აირჩევიან.
დღესვე ამავე კენჭისყრის ფარგლებში მოსამართლეები ადმინისტრაციული კომიტეტის 2 წევრიც აირჩიეს ასევე ფარული კენჭისყრის წესით. ამ თანამდებობეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები: ლევან თევზაძე და ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნენ, რომლებმაც ფარულ არჩევნებში შესაბამისი თანმიმდევრობით 151 და 165 ხმა მიიღეს. ზემოხსენებულ კომიტეტში სულ 9 წევრი ირიცხება. კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან თევზაძე იქნა არჩეული. ადმინისტრაციული კომიტეტი ორგანიზაციულ საკითხებზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” მიმდინარე მოსამართლეთა კონფერენციამ სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ დანიშნული ორი წევრისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელიც კონფერენციას უძღვება, მოსამართლეებს მიმართა და მათ განუცხადა, რომ ზემოხსენებული პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხს კანონი მოსამართლეებს აკისრებდა. იგი დაინტერესდა, არსებობდა თუ არა იდეები ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. კონფერენციის მონაწილეებმა რამდენიმე ინიციატივა წამოაყენეს, საბოლოოდ უმრავლესობა დაეთანხმა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული თანამდებობის პირების ხელფასი პირველი ინსტანციის მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს 90 პროცენტით განისაზღვრება. პირველი ინსტანციის მოსამართლის ხელფასი 2300 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ დანიშნული ორი წევრი ხელფასის სახით 2070 ლარს აიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 14 ივნისის პლენარულ სხდმაზე კენჭი უყარეს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, რომელთა შორის იყვნენ ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ხელახალი კონკურსი გამოცხადდება მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის.