ახალი ამბები

ტერორი დაიწყო? – მეჭიაური თიანეთში არასამთავრობოს წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ

24 ოქტომბერი, 2017 • 1852833
ტერორი დაიწყო? – მეჭიაური თიანეთში არასამთავრობოს წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ

მერობის კანდიდატი თიანეთში თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ თიანეთში საარჩევნო პროცესს.

“ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფოლი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა…
პოლიციას შევატყობინეთ… ტერორი დაიწყო?” – ეს პოსტი თამაზ მეჭიაურმა ფეისბუკში გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, არის თუ არა ეს აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სარჩულის მქონე.

საქმე ის არის, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთში მის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს ქართული ოცნების კანდიდატს და მის მხარდამჭერს, დეპუტატ თამაზ ქუცნაშვილს.

დღეს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონული სასამართლო განიხილავს თამაზ მეჭიაურის სარჩელს, რომლითაც აპროტესტებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რამაც ქართული ოცნების სასარგებლოდ მიიჩნია 5 ბიულეტენი და ამით გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა 4 ხმის უპირატესობით მიიღო. სისაური არის მეჭიაურის მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმე. მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

თავად სისაური და ღვალაძე აცხადებენ, რომ მათ ვერ იცნეს თავდამსხმელები, თუმცა ამბობენ, რომ მათ მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, რის შედეგადაც დაიწვა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების შედეგად თამაზ მეჭიაურმა მიიღო 3077 ხმა, ხოლო ლელა ქიტესაშვილმა- 3081 ხმა (50.03%).

ფოტო: თამაზ მაჭიაურის ფეისბუკის გვერდიდან

ფოტო: თამაზ მაჭიაურის ფეისბუკის გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი