ახალი ამბები

თარგამაძე: კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა მოქალაქის მოკვლა სცადა

14 ივნისი, 2013 • • 1088
თარგამაძე: კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა მოქალაქის მოკვლა სცადა

გივი თარგამაძის მტკიცებით, შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქე გიგი სვანის მოკვლა სცადა:

 

“ა.წ. 26 მაისს დაახ. 22:00სთ-ზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ ნასვამ მდგომარეობაში ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა ავტომანქანას, რითაც საფრთხე შეუქმნა ფეხით მოსიარულე 18 წლის მოზარდს, მოქალაქე გიგი სვანს. ამ უკანასკნელის აღშფოთების შემდეგ მგელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და შევიდა კონფლიქტში აღნიშნულ ახალგაზრდასთან. სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, იცოდა რა, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის სათვალთვალო კამერები, შსს-ს მაღალჩინოსანმა სვანი ჩაიყვანა ყიფშიძის ქუჩაზე, დაადო თავზე ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე მოზარდმა მოასწრო მოძრაობა, რის გამოც ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში.”

 

მისივე თმით, გიგი სვანი, რომლის დაზიანების ხარისხი არის მძიმე, შეყვანილ იქნა რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსი“ გამყოფილებაში, რაზეც არსებობს მიმღების ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი. თარგამაძე აცხადებს, რომ სვანს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და უახლოეს დღეებში საჭიროებს მეორეს.

 

„ჩვენ აქამდე გვსურდა დავლოდებოდით გამოძიებას, ასევე არ გვინდოდა რეაგირება ყურმოკრული ამბის შესახებ. დღეს აშკარაა, რომ გამოძიება ადგილიდან არ იძვრის და არანაირი შედეგი არ აქვს. მეტიც, გამოჩნდა დაზარალებულის ბებიის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ შსს ცდილობს კვალის დაფარვას, მათ შორის საავადმყოფოში. თავს მოვალედ ვთვლით, ჩავერიოთ და მოვახდინოთ საზოგადოების, მედიის და შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება.”

 

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ “ინციდენტი დაიწყო თბილისის ცენტრალურ გამზირზე, სადაც მრავლადაა სათვალთვალო კამერები. ამიტომ შეუძლებელია არ იკვეთებოდეს ეჭვმიტანილი. თუ მათი მონაცემები წაშლილია, აუცილებლად უნდა დაისვას შსს-ს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსი“ განყოფილებაში გიგი სვანის ავადმყოფობის ისტორიას ასაიდუმლოებენ და ამბობენ, რომ იგი არქივშია გადაცემული. ისტორია უნდა იქნას გამოთხოვილი არქივიდან, ხოლო თუ ის განადგურებულია, დაისვას შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.”

მისივე ინფორმაციით, შსს-ს პრესსპიკერი ნინო გიორგობიანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობს შინაგან საქმეთა ორგანოებში. გელაძის მიერ წელს შევსებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ კი, სადაც სამუშაო ადგილად მითითებულია სწორედ შსს, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით „ერთი ან ორი კვირის წინ“ დატოვა:

 

“დანაშაული მომხდარია დაახლოებით  სამი კვირის წინ, შესაბამისად, ამ მომენტისთვის გელაძე იკავებდა შსს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსის თანამდებობას. შსს-მ უნდა დააზუსტოს გელაძის მიერ თანამდებობის დატოვების ზუსტი თარიღი. თუ ეს თარიღი დანაშაულის თარიღზე ადრე ფიქსირდება, მაშინ, გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის მომენტში გელაძე თავად აცხადებდა, რომ მუშაობდა ამ თანამდებობაზე, უნდა დაისვას დოკუმენტის გამყალბებლის პასუხისმგებლობის საკითხი.”

 

დეპუტატი ამტკიცებს, რომ გიგი სვანის ოპერაციის საფასური გადაიხადა დავით გელაძის მეგობარმა და იგივე პიროვნება აპირებს მეორე ოპერაციის თანხის გადახდას.

 

“უნდა იქნას გამოთხოვილი შესაბამისი დოკუმენტაცია და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, იგი იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიებისთვის,” – განაცხადა მან.

 

გარდა ამისა, თარგამაძემ ბრიფინგზე დაშინების მცდელობაზეც ისაუბრა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გიგი სვანის მამის მიხეილ სვანის მიმართ შსს-ს მხრიდან თავდაპირველად იყო გამოყენებული დაშინება და შანტაჟი, ხოლო ამ პერიოდისთვის ხორციელდება მისი მოსყიდვა, რასაც მისი ბებიის მიერ მიცემული ინტერვიუც ადასტურებს.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ დავით გელაძე არის შსს კრიმინალური პოლიციის უფროსის დავით ბედიას ძველი თანამშრომელი და მეგობარი, მარჯვენა ხელი და დე ფაქტო მოადგილე და იმის გათვალისწინებით, რომ თავად დავით ბედია არის ოდიოზური სოსო ალავიძის დეიდაშვილი, ხოლო შსს მინისტრის მოადილე გიორგი ტაბატაძე – ალავიძისვე მარჯვენა ხელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შსს-ს უმაღლეს ხელმძღვანელობაში მოქმედებს კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კლანი. როგორც ჩანს, შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც აცხადებდა, რომ ის დაიცავს თითოეულ პოლიციელს, გულისხმობდა, რომ ის გასცემს ლიცენზიას შევარდნაძის პერიოდისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ დანაშაულზე და ინდულგენციებს დანაშაულის შემთხვევაში. ამას ადასტურებს იგივე ხვედელიძის ფაქტი. მაქსიმალური სასჯელი ნებისმიერი პოლიციელისთვის ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში არის მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლება,“ – განაცხადა თარგამაძემ.]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი