თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბროლაძის განმარტებით, გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1 მაისიდან სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ:
“გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვავდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მთავარ ღირებულებას ჯარისკაცი წარმოადგენს, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი, სისტემაში აღედგინა არანორმირებული კვება და ამით მოესპო ის მცირედი დისკომფორტიც კი, რაც შესაძლებელია ეგრძნოთ სამხედრო მოსამსახურეებს”, – განაცხადა ბროლაძემ დღეს, თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის დროს, სადაც ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფის ტენდერების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ბროლაძის განცხადებით, სწორედ გენერალური ინსპექციის ეს დასკვნა გახდა კვებით უზრუნველყოფის ტენდერების შეწყვეტის საფუძველი. მისი განმარტებით, ეს დასკვნა 11 ივნისს გამართულ სატენდერო კომისიის სხდომაზე იქნა წარმდგენილი
“ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, თავის მხრივ, სატენდერო დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას იწვევს, ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისია იძულებული გახდა შეეწყვიტა კვებით უზრუნველყოფის ტენდერები”, – განაცხადა ბროლაძემ.
