ახალი ამბები

უსუფაშვილი: შენების მოძრაობას 9 მუნიციპალიტეტში ეყოლება საკრებულოს წევრები

22 ოქტომბერი, 2017 • 2452
უსუფაშვილი: შენების მოძრაობას 9 მუნიციპალიტეტში ეყოლება საკრებულოს წევრები

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორედ შენების დროა!“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ  ბრიფინგზე.

მისი თქმით, შენების მოძრაობას ადგილობრივ არჩევნებში 17 მუნიციპალიტეტში ჰქონდა პარტიული სიები წარდგენილი და წინასწარი მონაცემებით, 9 მათგანში – დმანისში, გორში, ხარაგაულში, ონში, ჩოხატაურში, ფოთში, ჩხოროწყში, ხობსა  და  ხულოში- მოძრაობის კანდიდატებმა  გამარჯვება მოიპოვეს.

რამდენიმე საკრებულოში კი შენების მოძრაობა  ფრაქციებით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ არ გვქონდა და არც შეიძლებოდა გვქონოდა მაღალი სერთო ეროვნული შედეგის ამოცანა. ჩვენ ვიყავით ფოკუსირებული კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე და მათ უმრავლესობაში მივიღეთ საინტერესო შედეგები. მაგალითად, ჩოხატაურში  ჩვენმა  მერობის კანდიდატმა მიიღო ხმების 20 პროცენტი. მეტს ველოდით გორში და დმანისში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფრაქციებს მაინც შევქმნით საკრებულოებში,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ შენების მოძრაობის მთავარი ამოცანა თბილისის არჩევნებში იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლად ჩართული პროფესიონალების მიერ საარჩევნო გამოცდილების მიღება, რის გამოც მოძრაობას თბილისში პარტიული სიაც არ ჰქონდა წარდგენილი.

„მადლობას ვუხდი ყველა კანდიდატს, ვინც უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და ყველა ამომჩეველს, ვინც დიდი ავანსი გასცა და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ პოლიტიკურ გუნდს ნდობა გამოუცხადა. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი გეგმის მიხედვით. ჩვენ ამ არჩევნებზე მოვიპოვეთ არა ხმები ან მანდატები, არამედ ათასობით თანამოაზრე, რომლებთან ერთადაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წელში ბოლომდე გავიმართებით და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.

“რაც შეეხება არჩევნებს ზოგადად – დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ; დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. ჩვენ არ ვუწყრებით და არ ვუბრაზდებით  იმ  თანამოქალაქეებს, რომლებმაც მატერიალური თუ სხვა კერძო სარგებლის მოსაპოვებლად თუ არდასაკარგად გააკეთეს არჩევანი ან უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენ მათ ვპირდებით დახმარებას დაკარგული თუ დათმობილი თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაში.

ჩვენ ვიზიარებთ და ვუერთდებით ოპოზიციურ ლიდერთა საბჭოს შეფასებებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვები დასკვნებისა და მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ.

არც ნაცადი გზით საპროტესტო აქციები მოგვიტანს შედეგს და არც ნაცადი გზით არჩევნებში მონაწილეობა. შენების მოძრაობა ამ გაუკვალავ გზას გაკვალავს მომავალი 3 წლის განმავლობაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ რომ „შენების მოძრაობას“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 მუნიციპალიტეტში ჰქონდა პარტიული სიები წარმოდგენილი , მათ შორის 9 მუნიციპალიტეტში- ჩხოროწყუში, ხარაგაულში, დმანისში, გორში, ჩოხატაურში, ონსში,ფოთსა და ხულოში-  პროპორციული სიით საკრებულოში მოძრაობას წარმომადგენლები ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი