კბილაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრების მიზანი აზრთა გაცვლა–გამოცვლაა, რადგან არასამთავრობო სექტორი საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებს აჟღერებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი პროკურატურის საქმიანობით დაინტერესდნენ და გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს:
“ჩემი მთავარი საკითხები იყო უკანონო პატიმრების და პოლიტპატიმრების საქმეების გადახევდა. ასევე იმ პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც ეს უდანაშუალო ადამიანები გისოსებს მიღმა აღმოაჩინა. დავსვი კითხვა, არის თუ არა რომელიმე ასეთ პროკურორი პასუხისგებაში მიცემული და არის თუ არა საქმე აღძრული რომელიმე მათგანზე. მითხრეს, რომ ამ ნიშნით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. ასევე იყო პასუხი იმაზე, რომ ამან შეიძლება სისტემის დარღვევა გამოიწვიოს, ამიტომ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ დაიწყო თუნდაც ქვედა რგოლებიდან ინფორმაციის მიღების პროცესი, ვინ აძლევდა ამ ადამიანებს დაკვეთებს იმისთვის, რომ მოეხდინათ ადამიანების უკანონო დაკავება, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, რატომ არ მოხდა თუნდაც პირველი რგოლის შეცვლა და ასე შემდგომ”, – აცხადებს “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ორგანიზაციის დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
იგი იმ პროკურორების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს, ვინც მისი თქმით, ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეებზე უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს.
“დღეს პროკურატურაში გამჭვირვალობა არის, რაც პროგრესია, პროკურორებიც ისე არ მუშაობენ როგორც ადრე, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ კადრები, რომლებიც ადრე ბუტაფორიებად იყვნენ ქცეული და კრიმინალს ჩადიოდნენ პოლიტიკური ნების გამო, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა და დღესაც ეს ადამიანები აქ არიან, ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მაშინ, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც ციხეებში უკანონოდ ისხდნენ? ამ პროკურორებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და ყავთ კონკრეტული დაზარალებული, ზოგმა ციხეებში ყველაფერი დაკარგა. როგორ შეიძლება ასეთი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელისუფლების ერთ–ერთ შტოს წარმომადგენელია, ამის გამო იყოს დაუსჯელი. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს პრევენციისათვისაც საჭიროა. ასეთი კადრების შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ დღეს ამ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური ნების განხორციელბა რომ მოუნდეს, ეს კადრები ამ პოლიტიკურ ნებასაც აუცილებლად გაატარებენ. მათ ეცოდინებათ, რომ თუ წინა ხელისუფლების დროს არ დაისაჯნენ უკნონო გადაწყვეტილებების გამო, არც ამ ხელისუფლების დროს დაისჯებიან”, – აცხადებს იგი.
პროკურატურაში მომუშავე ზოგიერთი პროკურორის საკითხი აწუხებს საიას წარმომადგენელ მაია ხუციშვილსაც, რომელიც კბილაშილთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა.
“მესმის ამათი მიდგომა, რომ ერთი ხელის მოსმით არ არის შესაძლებელი მთელი კადრების შეცვლა, მაგრამ ჩვენ საქმეებზე, მათ შორის მიმდინარე საქმეებზე, ძირითადად ისევ ის პროკურორები გამოდიან, რომელთაც თავიანთი აზრი იმ პერიოდში მეტნაკლებად ჰქონდათ ჩამოყალიბებული… არ ვიცი, ეს იმ სისტემის ბრალი იყო, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ აზრი აქვთ ჩამოყალიბებული. შესაბამისად, როცა მე, თუნდაც საჩივარს ვწერ და ისევ ის პროკურორი მხვდება, ბუნებრივია უნდობლობის გრძნობა მიჩნდება. ეს პრობლემა არის. მე მესმის, რომ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და დღეს გავიგეთ ინფორმაცია, რომ პროკურატურა აპირებს რაიონული პროკურორების შეცვლას და არის ინიციატივა, რომ თბილისის რაიონების პროკურორების როტაცია მოხდეს. ეს ერთი შეხვედვით კარგი და მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს მოგვცემს”, – აცხადებს იურისტი და დასძენს, პროკურორების საკითხი მათ მიერ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გადაწყდეს.
“მაგალითად ყინწვისის საქმეზე ან ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეებზე ვინ მუშაობდა, არა მგონია რთული დასადგენი იყოს”. ხუციშვილის თქმით, დღეს მათ არჩილ კბილაშილმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პირველ რგოლში 330 პროკურორიდან უკვე 60 პროკურორი შეიცვალა.
არჩილ კბილაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილი არის მეტი ეფექტურობა პროკურტურის მხრიდან და სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით უფრო რადიკალური და სწრაფი მოქმედებები.
“ეს არის მათი სურვილი. მე ამას ხარვეზს ვერ დავარქმევდი. გასაგებია ჩემთვის ეს სურვილი. უბრალოდ, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ყველა საქმის გამოძიება გულდასმით. შესაძლებლობა, რომ ყველაფერი სწრაფად და ერთდროულად იქნეს გაკეთებული, ბუნებრივია ჩამორჩება მოთხოვნას. სისწრაფემ შეიძლება ავნოს მართლმსაჯულებას”.