ახალი ამბები

საია: სამწუხაროა, რომ ცესკო ამომრჩევლის ნების კონტროლში დარღვევას ვერ ხედავს

21 ოქტომბერი, 2017 • 1721
საია: სამწუხაროა, რომ ცესკო ამომრჩევლის ნების კონტროლში დარღვევას ვერ ხედავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ ცესკო ვერ ხედავს დარღვევას თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებთან დაკავშირებით.

საიას ცნობით, დღეს, 21 ოქტომბერს, კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლები აფიქსირებენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებს ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში.

საიას განმარტებით, ამომრჩევლის ნების კონტროლი მდგომარეობს იმაში, რომ რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების”, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა.

“სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს,”- აცხადებს საია.

ანა ნაცვლიშვილის განმარტავს, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის.

“კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 31- მუხლის მე-11 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ორ ვერსიას: საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიას (.. სამაგიდო სიას) და სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. სამაგიდო სიაში, სიის საჯარო ვერსიისგან განსხვავებით, ამორჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნულია ამომრჩევლის პირადი ნომერი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის პერსონალურ ინფორმაციას. სამაგიდო სიებში ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა,”- განაცხადა მან.

საია აცხადებს, რომ ვინაიდან სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განურჩევლად იმისა, მესამე პირთა ინტერესი ამ სიიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერაა თუ არა.  მათივე ცნობით, ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.

“მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და  არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში, რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ კანონის რა ნორმები ირღვევა ამ ქმედებით:

  • საქართველოს კონსტიტუციის 28- მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება.
  • საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლისპუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „.ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
  • ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს შემდეგს: ამომრჩეველთა სიები უნდა ქვეყნდებოდეს, თუმცა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა სია არ უნდა ქვეყნდებოდეს. აღნიშნული სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მიიღო და ვინ არა მონაწილეობა არჩევნებში.

საია მოუწოიდებს ცესკოს და ყველა შესაბამის სუბიექტს, იმოქმედოს საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი