ცესკო: ამომრჩეველთა სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი არ არის პერსონალური ინფორმაცია

საარჩევნო უბანზე ამომრჩველთა მონაცემების ამოწერის შესახებ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიაში არაგეგმური ბრიფინგი გაიმართა. ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის სიიდან ამომრჩევლთა მონაცემების ამოწერას ვერ აუკრძალავს, რადგან საჯარო ინფორმაციაა:

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან, კონკრეტულად კი, სიაში რეგისტრაციის ნომრის ამოწერა და დაფიქსირება. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, დამკვირვებლებს და სუბიექტების წარმომადგენლებს,  რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავი გადაადგილება, ასევე დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა დეტალს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, ცესკო ვალდებულია არ შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელება”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძემ ასევე მიმართა დამკვირვებლებსა და სუბიექტების წარმომადგენლებს, არ გაცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ხელი არ შეუშალონ კენჭისყრის პროცესს.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტიების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის მონაცემების ამოწერა არაერთ კანონს არღვევს:

“დავიწყოთ ძირითადი კანონით, კონსტიტუციით, სადაც წერია, რომ “უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება” (28-ე მუხლის პირბელი პუნტქი). თავისუფალი გამოვლინება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მე თავად გადავწყვეტ, რომელ სუბიექტს ვაძლევ ხმას, ასევე იმას, რომ მე თავად გადავწყვეტ, საერთოდ ვაძლევ ხმას თუ არ ვაძლევ და არ ვიყენებ ამ უფლებას. ასევე, თუ ჩავიხედავთ საარჩევნო კოდექსის მესამე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების ძირითად პრინციპებს, ვნახავთ, რომ მესამე მუხლის დ ქვეპუნქტში წერია, რომ “კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუგფალი გამოვლენა” არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არჩევნების ჩატარების, და დ.ბ ქვეპუნქტი კი გვეუბნება, რომ “აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

უკვე ძალიან ცალსახაა, რომ როგორც კონსტიტუცია, ასევე საარჩევნო კოდექსი ადგენს კონკრეტულ გარანტიებს, ხოლო ის ფაქტები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, და ეს არ არის ერთი და ორი ფაქტი, მხოლოდ ამ შემთხვევბს ეწინააღდეგება და ამ პრინციპებს არღვევა.”

რაც შეეხება არგუმენტს, რომ 41-ე მუხლის თანახმად პარტიების წარმომადგენლებს ამომჩევლის მონაცმების ამოწერას ვერ აუკრძალავენ, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს არარელევანტურია.

“დამკვირვებლის მუხლს ვერ გავავრცელებთ, პოლიტიკური პარტიის წარმოიმადგელები აკეთებენ, როგორც წესი, ამას. 41-ე მუხლის რომელ კონკრეტულ პუნქტში წერია, რომ მათ მსგავსი ტიპის ინფორმაციის ამოწერის შესაძლებლობა აქვთ?”

ნაცვლიშვილის თქმით, ამ პირებს უნდა მისცენ მითითება, რომ მსგავსი ტიპის მოქმედება შეწყვიტონ – “ეს წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს. სამაგიდო სია და სამაგიდო სიის მონაცემები არის პერსონალური მონაცემები, რომელიც მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. მათ სად მიაქვთ ეს ინფორმაცია, არავინ არ იცის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com