ახალი ამბები

უმცირესობა თავდაცვის სამინისტროს ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს

13 ივნისი, 2013 • • 1097
უმცირესობა თავდაცვის სამინისტროს ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია გაიზარდა. კერძოდ, მათი თქმით, “2013 წლის 4 იანვარს გია ყარყარაშვილის მძღოლმა მოქალაქე გიორგი სიმონიანმა, რომელსაც არანაირი ბიზნესგამოცდილება არ გააჩნია, საკუთარი სახლის მისამართზე დაარეგისტრირა კომპანია შპს „პროგრეს პლუსი“. კომპანია, რომლის 100%-ის მფლობელიც თვითონაა და  რომელსაც არანაირი ბიზნესაქტივობა და გამოცდილება აქვს, მოიგო თავდაცვის სამინისტროს ტენდერი საწმენდი საშუალებებისთვის (70 000ლარი ), ხოლო 5 დღეში კი კიდევ ორი ტენდერი: სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების (მილიონ 372 000 ლარი) და აკუმლიატორების (238 000 ლარი) მოწოდებაზე. კომპანიამ თავდაცვის სამინისტროსგან დღემდე მიიღო მილიონ 670 ათასი ლარი.”

 

“ელიტური კორუფციის სერიოზული ზრდა, ისევე როგორც ნეპოტიზმის ტალღა, რომელმაც, ფაქტობრივად, წალეკა სახელმწიფო აპარატი, ქართული ოცნების მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა,”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

 

“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ელიტარული კორიფციის უსწრაფეს გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. მათ შორის იმ თანამდებობების პირების, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ შეთანხმებაში“.

 

დეპუტატების ინფორმაციით, შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” აჭარაში, სენაკში და ფოთში 3200 სამხედროს კვების 19 000 000 ლარიანი ტენდერი მოიგო. გარდა ამისა, ამ კომპანიას თბილისში, მცხეთაში, ბაზალეთში, კრწანისში, გორში, ქარელში, ხაშურში და ახალციხეში 6700 ჯარისკაცის კვებისთვის მოგებული აქვს 39 000 000 ლარიანი ტენდეტი. 

 

“რა კავშირი აქვს ამ პროფილის ორგანიზაციას კვებასთან? თან ამ ტენდერებიდან ტექნიკური დოკუმენტების გამო მანამდე დისკვალიფიცირდა ისეთი ცნობილი ბრენდი, როგორიცაა გუდვილი და ფუდ ლაინ ჯორჯია,” – განაცხადა თარგამაძემ. 

 

დეპუტატები ელიტური კორუფციის უსწრაფეს გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. მათ შორის იმ მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც, მათი მტკიცებით, უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ შეთანხმებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი