ახალი ამბები

მარგველაშვილი: როცა გავიგე, რომ სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, რომ დისერტაციის დაწერას აპირებდა

12 ივნისი, 2013 •
მარგველაშვილი: როცა გავიგე, რომ სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, რომ დისერტაციის დაწერას აპირებდა

“მე მჯერა, ისევე, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში არ შეიძლება [აკადემიური] ხარისხის მატარებელი ადამიანები სახელმწიფო უმაღლესებში არ მართავდნენ და უბრალო დიპლომირებული სპეციალისტები მართავდნენ ისეთ კათედრებს, რომლებსაც მართავდნენ ჩვენთვის ლეგენდარული პიროვნებები. შემდეგ გავიგე, რომ დისერტაციის დაწერას კი არ აპირებს, ახლა ის არის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სიმართლე გითხრათ, ამ ნაბიჯში მე ვხედავ იმას, რასაც მთელ ამ პროცესში ვხედავდი: მცდელობას, რომ მოხდეს პროცესის პოლიტიზაცია, რაც ძალიან რთულია. შესაძლებელია, ერთი საღამოს ნიუსი იყოს სანდროს გადადგომა, მეორე საღამოს ნიუსი იყოს მისი გადანიშვნა, მაგრამ რომ შევხედოთ ვითარებას, ვითარება არის მარტივი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ძირითადი თამაშის წესები დავამკვიდროთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლბლებში… კერძო სასწავლებლებს არანაირი ახალი წესები არ ექმნებათ. ეს წესები ძალიან მარტივია. ის, რომ დეკანი, რექტორი არ შეიძლება იყოს უბრალო დიპლომირებული სპეციალისტი, ეს ალბათ არსად არც განიხილება, იმდენად აპრიორი ჭეშმარიტებაა”, – განაცხადა მან.

 

მარგველაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ მარტის თვეში დაიწყო და ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააცნო ეს იდეა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა დაჩქარებული წესით, მინისტრი ამბობს, რომ პარლამენტი მუშაობას ასრულებს და “ამ სესიაზე ვეღარ ესწრებოდა”. იგი დაეთანხმა აშშ-ის ელჩის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ საქმეში სიჩქარე საჭირო არ არის.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან გადადგომის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად ახალი რექტორის არჩევამდე დარჩება:

 

“მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ერთადერთი ფაქტის გამო, მე ძალიან არ მომწონს ეს დინამიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო არაერთხელ, რომ დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა შენარჩუნებული იქნებოდა, პრაქტიკული ქმედება არის ამის წინააღმდეგი. მე არ მინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტსტში, ჯავახიშვილის სახელობის, ამ იდეალების უნივერსიტეტში, დაბრუნდეს ის დრო, როცა ინიშნება რექტორი ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ვინ არის -პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არ არის სწორი.

 

სანამ ეს კანონი იქნება მიღებული და, როგორც ჩანს, ისეთი სისწრაფით მიდის პროცესი, რომ ეს კანონი ძალიან მალე იქნება მიღებული, მე მინდოდა, რომ უნივერისტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც არის კოლეგიალური, წარმომადგენლობითი, უმაღლესი ორგანო უნივერსიტეტში, ჰქონოდა საშუალება ამ გადაწყვეტილების მიღების და აერჩია ახალი რექტორი. ამიტომ ჩემს გადადგომას პარალელურად მოჰყვა ახალი, რექტორის არჩევნების გამოცხადება, სადაც ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, რომ რექტორს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება შემდეგი რექტორი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩეული უნივერსიტეტის მიერ”, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე განმარტებით, საბჭო რექტორობის კანდიდატების განაცხადებს ორი თვის განმავლობაში მიიღებს, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

ალექსანდრე კვიტაშვილს დოქტორის ხარისხი არ გააჩნია, რის გამოც მან დღეს, 12 ივნისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი