დღეს, 12 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ჯერ ის მუხლები წარუდგინა დეპუტატებს, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენიდან დაუბრუნა მთავრობას და წარმოდგენილი ვარიანტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა მთლიანი კოდექსი, რომელიც, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კონსენსუსის შედეგად ჩამოყალიბდა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუშინ უმრავლესობის შიგნით შედგა შეთანხმება შრომის კოდექსის სადავო მუხლებთან დაკავშირებით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პროფკავშირების წარმომადგენლები.
“პროფკავშირებთან ჩვენ რატომ უნდა შევთანხმებულიყავით? მე შევთანხმდი პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. სათითაოდ ყველასთან ხომ ვერ ვივლი შესათანხმებლად, არა?”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, “შრომის კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული”. პროფკავშირები პრეტენზიებს რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით გამოთქვამენ, რომელიც სამუშაო საათებს, ხელშეკრულებებს და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებს ეხება.