ახალი ამბები

პროფკავშირები შრომის კოდექსის სადავო მუხლების ახალ ვარიანტს არ ეთანხმებიან

12 ივნისი, 2013 •
პროფკავშირები შრომის კოდექსის სადავო მუხლების ახალ ვარიანტს არ ეთანხმებიან

როგორც დღეს, 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია ის დებულებები, რომელზეც საპარლამენტო განხილვების დროს მთავრობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ. საუბარია მე–14 მუხლზე, რომელიც დასაქმებულის სამუშაო დროს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც იგი ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო პირობების მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს, სპეციფიკური სამუშაო პირობების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციული მუხლია, რომელიც ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება, რომ ზოგიერთი პროფესიის ადამიანი 48 საათს მუშაობდეს მაშინ, როდესაც სხვები 40 საათს იმუშავებენ კვირაში.


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობამ შეთანხმებას უვადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, თუ დასაქმებულ პირს მუშაობის ხუთ წელზე მეტი სტაჟი აქვს, მისთვის უვადო ხელშეკრულება კოდექსის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ხუთ წელზე ნაკლები სტაჟის შემთხვევაში, უვადო ხელშეკრულება ორ წელიწადში ამოქმედდება. პეტრიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ელოდოს ადამიანი ზემოხსენებულ ერთ ან ორ წელს, როდესაც ამ მუხლის ამოქმედება შრომის კოდექსის დამტკიცებისთანავეა შესაძლებელი.


“შრომის კოდექსის ცვლილებათა პროექტში  დამატებითი ცვლილებები დასაქმებულთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების გარეშე და მთავრობის მიერ მხოლოდ ბიზნესჯგუფებისგან მიღებული რჩევა- დარიგებების გათვალისწინებით შევიდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცვლილებების პროექტი დღემდე ისეთი სიხშირითა და სისწრაფით განიცდიდა ტრანსფორმაციას, რომ სოციალურ პარტნიორებს, მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას არ ჰქონია საშუალება, განხილვამდე გაცნობოდა მათ წერილობითი ფორმით. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული. ნათელია, რის მისაღწევად ვაჭრობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატი ოქრიაშილი, თუმცა, რა ფორმით შედგა შეთანხმება, ეს ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფის ზეწოლის შედეგად დასაქმებულების მდგომარეობა უარესდება”, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს პეტრიაშვილმა გააცნო.


მისი თქმით, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა მან მაშინ მოცდა სთხოვა, ახლა კი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საპროტესტო აქციები დაიწყონ.


შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივნისს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა შრომის კოდექსის სადავო მუხლები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სადავო მუხლებზე დეპუტატებმა, მთავრობამ და პროფკავშირებმა შეთანხმებას მიაღწიეს:


“სამუშაო კვირა 40-საათიანი ვადით განისაზღვრა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში შემოდის 48-საათიანი კვირა, რომლის შემდეგ ამოქმედდება ზეგანაკვეთური შრომა, რაც საათობრივ ანაზღაურებაზე მეტია”. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შრომის კოდექსის სადავო მუხლებს დღეს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან სასესიო სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი