ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაში უმცირესობა მონაწილეობას არ მიიღებს

12 ივნისი, 2013 • • 1087
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაში უმცირესობა მონაწილეობას არ მიიღებს

დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, კენჭისყრაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კონსულტაციებზე უარის თქმის გამო არ მიიღებენ:

 

“კონსულტაციის მიზანს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა. “ნაციონალური მოძრაობა” მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოხდებოდა შეთანხმება ორ კანდიდატურაზე, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი, ანუ ჩვენი ხმები.

ამასთან, წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად შესთავაზა 10 კანდიდატურა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა კონსულტაციებზე და შეთანხმებაზე.

 

მათ თქვეს, რომ მეორე ტურში ვითანამშრომლოთ, ჩვენ ვთქვით, რომ დღესვე დავასრულოთ ეს ყველაფერი, 4 ადამიანი, ვინც უნდა უმრავლესობას, 2 ადამიანი, ვინც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს შეთანხმებული პოზიცია, სადაც ობიექტურად არჩეული, კარგი, ცნობილი, პატიოსანი რეპუტაციის იურისტები გვეყოლებოდა, ნაცვლად ამისა ვიღებთ ცალმხრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რაშიც ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ.”

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” შერჩეული კანდიდატები პოლიტიკურად ანგარიჟირებული არიან:

 

“ყურადღებას იმსახურების „ქართული ოცნების“ სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ქ-ნი ევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში, სადაც იღებდა ანაზღაურებას. ხოლო კახა სოფრომაძე იყო “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მოიპოვეს “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული ექვსი პიროვნების სია, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა.

ამავე დროს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული იყო იურიდიული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პოლიტიკურად არააფილირებული პიროვნებები, როგორებიც არიან ზურაბ ძლიერიშვილი (წარდგენილია „საერთაშორისოგამჭვირვალეობის“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ), მაია სულხანიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი გოგიაშვილი – სააპაელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა დვალიძე – ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დავით კერესელიძე – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი (ასევე მხარდაჭერილია ვტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ).” 

 

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრი. საბჭოს წევრობის კანდიდატები უკვე იმყოფებიან პარლამენტში. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული 6 წევრიდან 2 კანდიდატი ხმების მინიმუმ 2/3–ით უნდა შეარჩიოს.

 

დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ მათთვის ცნობილი გახდა იმ ექვსი კანდიდატურის შესახებ, რომელთა დამტკიცებასაც აპირებს პარლამენტი. ესენია: ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი და კახა სოფრომაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი