ახალი ამბები

ზეწოლა, მუქარა და დაშინება – წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები ISFED -ის კვლევაში

19 ოქტომბერი, 2017 • 1688
ზეწოლა, მუქარა და დაშინება – წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები ISFED -ის კვლევაში

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მონიტორინგის  ანგარიშის მიხედვით,  წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ზეწოლას, მუქარას, დაშინებასა და სხვა დარღვევებს.

ISFED -მა ანგარიში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე  გამოქვეყნა.

სადამკვურვებლო ორგანიზაციის ცნობით, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  გამოვლინდა შემდეგი ოდენობის  შემთხვევები:

[checklist]

  • ზეწოლა/მუქარა – 23;
  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება- 1
  • ძალადობა- 2
  •  წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა – 3.

[/checklist]

ISFED -ის ანგარიში 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვსი შემთხვევა, შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების ერთი და აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის ექვსი შეთხვევა დაფიქსირდა.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა თუ დაშინების შემთხვევებმა. 6 ოლქში, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, საარჩევნო სუბიექტებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. ორ შემთხვევაში კი კანდიდატები საუბრობენ მათ მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით განხორციელებულ მუქარაზე.

ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე შემთხვევაში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ საქმიანობას სთხოვდნენ. ზეწოლის ფაქტები ძირითადად ოპოზიციური პარტიებისა თუ დამოუკიდებელი კანდიდატების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ფიქსირდება. ზეწოლა-მუქარის ზოგიერთ შემთხვევაში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იკვეთება. “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ზეწოლისა და მუქარის ფაქტები დმანისსა და ასპინძაში, სადაც მოქმედი გამგებლები სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერით აღარ სარგებლობენ და კონკურენციას უწევენ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს.

ISFED  ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მუშაობასაც  აკრიტიკებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ცესკომ შესაბამისად  ვერ შეაფასა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში უკანონო აგიტაციისთვის სოციალური ქსელების გამოყენება. “სამართლიან არჩევნებში” მიაჩნიათ, რომ ცესკოს ასეთი პოზიცია ირიბად ახალისებს კანონმდებლობის დარღვევას.

კვლევის პროცესში საარჩევნო სუბიექტების შეხვედრების ხელის შემშლის ფაქტებიც დაფიქსირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ხაშურში მოხდა, სადაც  „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრი ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.  ნინოწმინდაში, რამდენიმე ადგილას სხვადასხვა ფორმით დაზიანებულია სხვადასხვა კანდიდატის პლაკატები. თუმცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის დაზიანებული „ქართული ოცნების“ კანდიდატის სააგიტაციო მასალა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ეს იმის გამო ხდება, რომ პარტიის მერობის კანდიდატი ქალია.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” რეკომენდაციით მიმართავს ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და პოლიტიკურ პარტიებს.

საარჩევნო ადმინისტრაციას

 მოახდინოს მკაცრი რეაგირება „საარჩევნო კოდექსის“ 911-ე მუხლის უსაფუძვლოდ
გამოყენების ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ(საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა −გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით).
 გასცეს მკაფიო მითითება საარჩევნო კომისიის წევრებისთვის მათი წინასაარჩევნო
აგიტაციაში ჩართვის აკრძალვის თაობაზე;
 მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება საჯარო მოხელეების მიერ
უკანონო აგიტაციის გაწევის ფაქტებზე.
ადგილობრივ თვითმმართველობებს და საჯარო დაწესებულებებს
 ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე არ დაუშვან აგიტაცია რომელიმე საარჩევნო
სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
 აღკვეთონ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევები;
 რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან კამპანიაში მონაწილეობის მიზნით
არ გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება: საკომუნიკაციო
საშუალებები და ავტომობილები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

 უზრუნველყოს უწყებათაშორისი კომისიის 2 ოქტომბრის რეკომენდაციის შესრულება
და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მისცეს მითითება სამუშაო
საათებში აგიტაციისგან თავის შეკავების შესახებ, მათ შორის სოციალური ქსელების
მეშვეობით;
 არ დაუშვან საჯარო სკოლებში საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო
სააგიტაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

 უზრუნველყოს ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავება სოციალურ ქსელებში
წარმოებული კამპანიისას უკანონო შემოწირულობების აღკვეთისათვის.

საარჩევნო სუბიექტებს/პოლიტიკურ პარტიებს

 აღკვეთონ ოპონენტი პარტიების/საარჩევნო სუბიექტების საჯარო შეხვედრებზე
საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და დასწრება;
 წინაასაარჩევნო შეხვედრების, სატელევიზიო ეთერებისა და საჯარო გამოსვლების
დროს თავი შეიკავონ გამოხატვის იმგვარი ფორმისგან, რომელიც მიმართული იქნება
ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, მათი სოციალური, ეთნიკური
კუთვნილების, რასის, სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, ნაციონალობის,
რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის,
შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, იდეოლოგიის, სოციალური კლასის, საქმიანობის
ან სხვა ნიშნით.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი